LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მევახშეების ქონება დაყადაღდება და გამოძიების დასრულების შემდეგ მეპატრონეებს გადაეცემა” – გიგა წულეისკირი გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში”

11
giga 2

დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. საქმე ეხება მევახშეებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს. რა სიახლეებია ამ კუთხით ბრძოლაში, რა უნდა იცოდეთ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ თემებზე გადაცემის სტუმარი – მშენებლობით და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების ხელმძღვანელი გიგა წულეისკირი გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” საუბრობს.

– როგორ გამოავლინეთ ეს პირი, “მევახშე” და ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე ?

– ეს პრობლემა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის პრობლემაა. მევახშეები ყოველთვის იყვნენ და ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას, მაგრამ ადრე ასე თუ ისე კანონის ფარგლებში იყო მოქცეული. ახალი რეგულაციების მიხედვით, ფიზიკურ პირს მეორე ფიზიკური პირის ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება არ აქვს, ეს რეგულაციები შემოიღეს კერძო მევახშეების ინსტიტუტის დასანგრევად, მაგრამ ყველაფერმა ჩრდილოვან ნაწილში გადაინაცვლა. ახლა უკვე სასესხო ხელშერკრულების ნაცვლად ნასყიდობა– გამოსყიდვის ხელშეკრულებას აფორმებენ, სადაც არც სიტყვა სესხი წერია, არც – პროცენტი. არსებობს „მევახშეების“ ორი კატეგორია, ერთი – რომელიც ფულის დაბრუნების შემდეგ, ბინას უბრუნებს მეპატრონეს და მეორე – ვინც უარს ამბობს მსესხებლისგან ფულის დაბრუნებაზე , მის კუთვნილ უძრავ ქონებას თავად იბრუნებს და ამბობს, რომ ბინა შეიძინა.

– ამას როგორ ამტკიცებენ?

– რადგან ხელშეკრულება თავიდანვე თვალთმაქცურია, უგულებელყოფენ და შეცდომაში შეჰყავთ ყველა, მათ შორის საგამოძიებო უწყებები და ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულში გადადის. შესაბამისი უწყებები და ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ასეთ დროს. დაზარალებულები მერე რომ მიმართავენ საგამოძიებო უწყებებს, ისინი ამისამართებენ სასამართლოში და ეუბნებიან, თითქოს ეს სამოქალაქო დავაა. ჩვენმა ბოლო ქმედებამ შედეგი გამოიღო. გივი აზმაიფარაშვილი არის ერთ–ერთი მევახშე, რომელმაც გამოასახლა ბევრი ადამიანი.

– ამ ოჯახებისთვის თუ არსებობს შანსი, რომ წართმეული უძრავი ქონება დაუბრუნდეთ?

– რა თქმა უნდა. მთავარია, რომ გამოძიება დაიწყო. ეს ადამიანები, ვინც მის მიერ არის დაზარალებული, მათ პროკურატურა ცნობს დაზარალებულად, შემდეგ მევახშეების ქონება დაყადაღდება და გამოძიების დასრულების შემდეგ მეპატრონეებს გადაეცემა. ერთი მინდა ვთქვა, რომ ზოგი ადამიანი აგრესიით უყურებს ჩვენს ასოციაციას. ჩვენი პოზიცია ის არ არის, რომ თანხა არ გადაიხადოს ადამიანმა. რა თქმა უნდა, საჭიროა, დაუბრუნდეთ გამსესხებელს თანხა, მათ შორის ის სარგებელი, რაც მოლაპარაკების დროს ჰქონდათ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მევახშეებზე, ვისაც თანხას უბრუნებდნენ, მაგრამ უარს ამბობდნენ, რათა ბინა დარჩენოდათ.

– თქვენი რჩევა რა იქნება, ვინც შეიძლება ხვალ , ზეგ მივიდეს იქამდე, რომ კერძო პირისგან მოუწიოთ სესხის აღება?

– პირველ რიგში არ გააფორმონ თვალთმაქცური გარიგება. ანუ მოლაპარაკება რაზეც ხდება, ხელშეკრულების გაფორმებაც მასზე უნდა მოხდეს, ანუ უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში. იქ უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ მას ნასესხები აქვს ეს თანხა. რჩევა მინდა მივცე, ვისაც გაფორმებული აქვს თვალთმაქცური ხელშეკრულება. არ დაიწყონ სამოქალაქო წესით დავა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, პოლიციას უნდა მიმართონ. მოგვმართონ ჩვენ, გვყავს კარგი იურისტები, კონსულტაცია უფასოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები