LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლები შვილებს ესაუბრონ სექსუალურ განვითარებაზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

15
cira-barqaia

სათანადო ცოდნისა და ინფორმაციის ფლობა სექსუალური განვითარების  შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში გადამწყვეტ როლს არსულებს, უზრუნველყოფს მათ სექსუალურ, რეპროდუქციულ სიჯანსაღესა და ზოგად კეთილდღეობას. რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლები შვილებს ესაუბრონ სექსუალურ განვითარებაზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია World Vision საქართველოს ადრეული განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ფსიქოლოგი ცირა ბარქაია.

რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალურ განვითარებაზე მშობლებმა ბავშვებს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია?

,,სქესობრივი აღზრდა’’, ,,სექსუალური განვითარება’’, ,,სექსუალური განათლება’’, ეს ის ფრაზები და სახელდებებია, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხშირად ძალიან მწვავედ აღიქვამს. თუ კარგად დავაკვირდებით, ამ წინააღმდეგობის მიზეზსაც აღმოვაჩენთ. ამ სახელდებების ქვეშ ბევრი მოიაზრებს იმას, რაც არავითარ კავშირში არ გახლავთ მათ შინაარსთან. გამიგია ასეთი ფრაზებიც, რაც ალბათ ბევრს გეცნობათ: ,,რა საჭიროა სექსზე ლაპარაკი, ისედაც გაიგებს და ისწავლის თვითონ’’, ,,აქამდე ამ განათლების გარეშე ვერ გავმრავლდით, თუ რა?!’’  ,,სექსუალური განათლება რყვნის ბავშვს და უბიძგებს ადრევე დაინტერესდეს სექსუალური ურთიერთობის დაწყებით და ბარემ პრაქტიკაშიც ასწავლეთ სექსი’’…მშობლები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ბავშვის განვითარება გარკვეულ კანონზომიერებას მიყვება სოციალური, ემოციური, ფიზიკური და შემეცნებითი მიმართულებით,  უნდა აცნობიერებდნენ იმასაც, რომ სექსუალური განვითარება ამ კანონზომიერების განუყოფელი ნაწილია. ბავშვი ცნობისმოყვარეა. ის ვითარდება აღმოჩენებით. ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალშობილი ბავშვი აღმოაჩენს ეს საკუთარი სხეულია. სწორად აქედან იწყება მისი სექსუალობის განვითარებაც. ბევრი თვლის, რომ ბავშვისათვის, ან მოზარდისათვის სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესება პრობლემაა, ამიტომ მაშინაც კი, როცა ბავშვი კითხვებს სვამს, ან ავლენს რაიმე ტიპის სექსუალურ ქცევას, ხდება მისი უბრალოდ შეზღუდვა, დათრგუნვა, შერცხვენა. ამგვარი მოქმედებით არ ხდება სქესობრივი და სექსუალური განვითარების სათანადო ხელშეწყობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის სოციალურ-ემოციური, სექსუალური სირთულეები, თუ პრობლემები.

რატომ ითვლება “სამარცხვინოდ” ამ თემაზე საუბარი?

საიდან მოდის ის ინფორმაცია და ხედვა რაც სექსუალურ განვითარებასთან დაკავშრებით აქვთ? თუ  სქესობრივ და სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებული თქვენი ცოდნა სირცხვილს, რიდს, დათრგუნვას და საკითხის ტაბუიერებას უკავშირდება, უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ სჭირდება ამ ხედვას გადახედვა, ახალი ინფორმაციის მოძიება და გააზრება. სექსუალურ განვითარების ხელშეწყობა და სექსუალური განათლება არ გულისხმობს იმას, რომ ერთ დღეს დაისვათ ბავშვი და ყველაფერი, რაც ამ საკითხის შესახებ იცით, თავიდან ბოლომდე, ერთი ამოსუნთქვით მოუყვეთ. ეს პროცესი ბავშვისა და მოზარდის აღზრდისა და ფსიქოსოციალური განვითარების ხელშეწყობის განუყოფელი ნაწილია. სექსუალური განვითარების შესახებ სათანადო ინფორმაციის ფლობა შესაძლებლობას მოგცემთ დროულად მიაქციოთ ყურადღება სირთულეებს ან ასაკისათვის შეუსაბამო ქცევებს.

ქვემოთ, ასაკობრივი  ჯგუფების მიხედვით, მოცეულია ზოგადი განმარტებები, თუ რა ითვლება კონრეტულ ასაკობრივ ჯგუფში ბუნებრივ სექსუალურ ქცევად. გაეცანით ზოგად რჩევებსაც. გადახედეთ, რა არის თქვენთვის ახალი? რა იცოდით სხვანაირად? თუ გაგიჩნდათ კითხვები, მიმართეთ სპეციალისტს.

ადრეულ  ასაკში 0-4 წლის ბავშვი ახდენს თვით-აღმოჩენას, სხეულის ნაწილების (მათ შორის გენიტალიის) შეგრძნებას, აღქმასა და შესწავლას. შესაძლოა ქცევა იყოს დაუფარავი, თუმცა  იშვიათი და სპორადიული (ერთეული, დროგამოშვებით გამოვლენილი).

ამ ასაკში ბავშვი ბაძავს გარშემომყოფთა ქცევას. ის თამაშობს ,,ექიმობანას’’ ცოლ-ქმრობანას’’ და სხვა. ცხადია, მშობლებს შორის სექსუალური ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ დროს დაიცვათ ბავშვისა და თქვენი პირადი სივრცე. ასევე, თვალ-ყური ადევნეთ, რა ინფორმაციასთან აქვს ბავშვს წვდომა. დარწმუნდით, რომ ის არ უყურებს ისეთ რამეს, რაც მისი ასაკისთვის შეუსაბამოა.

პატარა ბავშვები 5 – 7 წლის ასაკში მეტად  ინტერ-აქტიურები არიან. ისინი აკეთებ აღმოჩენებს თანატოლებთან ან საპირისპირო სქესის მქონე ადამიანთან მიმართებაში.  ეს არის კითხვების დასმის პერიოდი და ამ დროს შესაძლოა გამოვლინდეს საკუთარი სხეულის ასე ვთქვათ ,,სექსუალური შესაძლებლობები’’. ამ დროს იშვიათია თვით-მასტიმულირებები ქცევა და იზრდება პირადი სივრცის ინტიმურობის შეგრძნება, ქცევა მეტად დაფარული ხდება.

8-12 წლის მოზარდობის ასაკში სხეული იცვლება, ჰორმონები მოქმედებენ, ცვლიან ფიზიკურ და ემოციურ შეგრძნებებს, აღქმებს.

მეტია დაინტერესება, ინფორმაციის მოპოვებისა და თანატოლებს შორის გაზიარების სურვილი.  ამ ასაკობრივი პერიოდის მიწურულს, ზოგიერთისთვის უკვე შეიძლება გამოიკვეთოს სხვებთან ურთიერთობით დაინტერესება.

მოზარდთათვის 13-18 წლის  ასაკობრივი პერიოდი ძალიან მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია. ამიტომ რთულია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა თუ რა არის ,,ნორმა’’, რომელი ქცევაა ბუნებრივი, ჯანსაღი და რომელი – არა. ამ ასაკში მოზარდისათვის თანატოლი უფრო მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ხდება, ვიდრე მშობელი, ამიტომაც კიდევ უფრო არსებითია, რომ ადრეული ასაკიდანვე გვქონდეს შექმნილი უსაფრთხო და დაცული სოციალური კონტექსტი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში – მათ შორის სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებით.  მოზარდს კითხვების, სირთულეების, ან ძალადობის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს მშობელთან ღიად საუბარი და მისგან მხარდაჭერის მიღება.

7 რჩევა ცირა ბარქაიასგან:

1. დაძლიეთ მითები, გაიგეთ რას გულისხმობს სექსუალური განვითარება, რას მოიაზრებს სექსუალურ განვითარებასთან დაკავშირებული განათლება და როგორია მშობლის როლი ამ პროცესში.

2. მოიძიეთ ინფორმაცია ბავშვებისა და მოზარდების სექსუალური განვითარების ეტაპების სექსუალური ქცევის შესახებ წაიკითხეთ, ჰკითხეთ სპეციალისტს, იმეცადინეთ.

3. შეამოწმეთ თქვენი თავი, რამდენად შეგიძლიათ განასხვაოთ ერთმანეთისგან ბუნებრივი/ჯანსაღი, პრობლემური ან ძალადობრივი სექსუალური ქცევა?

4. თუ ადრეული ასაკის ბავშვი ხშირად და ყველგან ახდენს გენიტალიურ თვით-სტიმულაციას, დაუშვებელია უხეშად ჩარევა, დაყვირება, შერცხვენა და აკრძალვა. ზოგადად, ეს პროცესი ბავშვისათვის შესაძლოა იყოს შფოთვისა და დაძაბულობის მოხსნის სტრატეგიაა  (ფიზიკური დაღლის, სტიმულაციებისგან გადაღლის). დააკვირდით რა შეიძლება იყოს შფოთვისა და დაძაბულობის წყარო. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

5. გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანის ქცევა უნიკალურია და ინდივიდუალური, ამიტომ თუ ჩათვლით, რომ თქვენს შვილს რამე აწუხებს, ან თავად გაქვთ წუხილები, ჯერ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია და ამის შესაბამისად იმოქმედეთ.

6. გახსოვდეთ, კომპეტენტური სპეციალისტი არასოდეს გირჩევთ უბრალოდ დამამშვიდებლების მიცემას ბავშვისთვის, რომ აღმოიფხვრას ქცევა.

7. ცოდნა არის ის ენერგია, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ დაძლიოთ მითები და თამანედროვე კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოემზადეთ, რომ იყოთ თავდაჯერებული და კომპეტენტური მშობელი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები