LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რით არის განპირობებული მუდმივი დაღლილობის შეგრძნება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

62
salome-fanjikidze

გადაცემის ლაივი LIVE

ადამიანები ჩივიან, რომ დაღლილობის შეგრძნება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ გაუკეთებიათ. ხშირად დილიდანვე დაღლილები იღვიძებენ. რით არის განპირობებული მუდმივი დაღლილობის შეგრძნება – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე.

დაღლილობას ყოველთვის აქვს მიზეზი?

ფსიქოლოგიაში უმიზეზო მდგომარეობებს არ ვიცნობთ. შესაბამისად, ჩვენი ფსიქიკის ნებისმიერ გამოვლინებას აქვს საფუძველი. უხასიათობა, მოწყენილობა, სევდიანი განცდები, დამახასიათებელია დეპრესიული მდგომარებისთვის, თუმცა ყოველთვის კლინიკური დეპრესია, როგორც დიაგნოზი, არ დგება მხოლოდ უხასიათობის გამო. შესაბამისად, შეიძლება იყოს დეპრესიული სინდრომი და არა მაინცდამიანც დიაგნოზი. ხოლო, რაც შეეხება მიზეზს – ზრდასრულობასთან ერთად, ადამიანის ცხოვრებაში მატულობს სტრესული მდგომარეობები. იქნება ეს ოჯახური ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ზოგადი ეკონომიკური ფაქტორი თუ სამსახურეობრივი მოვალეობები. ზოგჯერ, როდესაც სტრესული სიტუაცია ხანგრძლივდება დროში და მასთან გამკლავება სხვადასხვა მიზეზით რთულია ადამიანისთვის, სწორედ ასეთ დროს დაბლა იწევს სიხარულის, კმაყოფილების, სიამოვნების გრძნობები და მათ ადგილს იკავებს შფოთვა, უხასიათობა და სასოწარკვეთილი განცდები.

რა შეიძლება იყოს მუდმივი გადაღლის მიზეზი?

ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიის განლევადობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – ერთის მხრივ დატვირთული სამუშაო რეჟიმი, რომელსაც ადეკვატური დასვენება არ მოსდევს, მეორეს მხრივ – სტრესული გარემოება, რომელიც დროში გახანგრძლივებულია და ამის გამო ადამიანს უწევს მუდმივი შფოთვა და ნერვიულობა, შესაბამისად მისი ფსიქიკური ენერგია ილევა და აღდგენა არ ხდება. ადამიანი ფიზიკურად შრომობს ბევრს თუ კოგნიტურად, ანუ აზროვნებითად, ერთი და იგივეა, რადგან ჩვენი ენერგიული ერთეულია საერთოა სხეულისთვის და ფსიქიკისთვის, შესაბამისად, რომელი გახარჯავს მას, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მნიშვნელობა აქვს ამ ენერგიის აღდგენას. რადგან, როდესაც ჩვენ გავირბენთ, შემდეგ გვჭირდება დასვენება, იმისთვის, რომ ენერგია აღდგეს. ასევეა, როდესაც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, ან ვინერვიულებთ რაიმე საკითხზე, შემდგომ გვჭირდება ამოსუნთქვა და დასვენება, იმისთვის, რომ ენერგია აღდგეს. სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის და სწორედ მაშინ ავლენს ფსიქიკა განგაშის სიგნალებს.

როგორ შეიძლება დაღლილობასა და უხასიათობას ვებრძოლოთ?

არსებობს ობიექტური გარემოებები, როდესაც გვერდს ვერ ავუვლით სტრესს თუ ნერვიულობას, ან გადატვირთულ სამუშაო რეჟიმს და ა.შ. მაგრამ ყოველთვის არსებობს გონივრული გამოსავლები, რომელიც გვეხმარება დავაბალანსოთ გარემოება, ან შევძლოთ ადეკვატური დასვენებით ენერგიის აღდგენა. შევეცდები, რჩევების სახით ჩამოვაყალიბო ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ ბალანსის აღდგენაში.

7 რჩევა სალომე ფანჯიკიძისგან:

1.თუ ატყობთ, რომ უხასიათობა დიდხანს გრძელდება, ამავდროულად სრულებით კარგავთ სურვილს აკეთოთ ის, რაც აქამდე გიყვარდათ, მაგალითად, მეგობრებთან ერთად ყოფნა და სხვა, მაშინ გირჩევთ, მიიღოთ პროფესიონალური დახმარება, იმისთვის, რომ მდგომარეობა არ გადაიზარდოს მძიმე დეპრესიაში.

2. უხასიათობის მიზეზად თუ შეგვიძლია ჩავთვალოთ ხანგრძლივი სტრესი პირად ცხოვრებაში და თქვენით ვერ წყვეტთ პრობლემას და არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დროში კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ მიმართოთ პროფესიონალს, მაგალითად ფსიქოლოგს, რომელის დახმარებითაც, გაიკვლევთ გზას რთულ პერიოდში.

3. უხასიათობის მიზეზი, ხშირად არის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც ადამიანისთვის რთული შესასრულებელია, განსაკუთრებით თუ ის რუტინულ ენერგიას მოითხოვს. როდესაც ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ნაკლოვანად შესავრულოთ სამუშაო და ყველაფერში დიდ ძალისხმევას ვდებთ, ამ დროს მნიშვნელოვანია ვისწავლოთ გარჩევა მნიშვნელოვანის-უმნიშვნელოსგან და რანგირება მოვახდინოთ ვალდებულებების. აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი საქმის გადადება დროში შესაძლებელია, ხოლო ზოგიერთის კი მარტივად შესასრულებელი

4. შფოთვა ხასიათის მტერია. როდესაც ადამიანის ფიქრების უმეტესი ნაწილი შფოთვიან აზრებს უკავია, ჩვენს ფსიქიკაში ვიწროვდება ადგილი, სადაც სიხარულის და სიამოვნების შეგრძნება უნდა აღვიქვათ. თუ შფოთვის დონე იმდენად მაღალია, რომ გამკლავება გიჭირთ, ამ შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს, ხოლო თუ შფოთვის მიზეზი არ უკავშირდება რთულ ვითარებას, ამ შემთხვევაში აუცილებელია გავაანალიზოთ მისი მიზეზი- თვითშეფასებას უკავშირდება, პრობლემის გადაჭრას თუ სხვას. მიზეზის გაცნობიერება გვაძლევს საშუალებას მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზებიც.

5. ის ადამიანები, რომლებიც დიდ ენერგიას ხარჯავენ ყოველდღიურად და მის აღდგენას ვერ ახერხებენ ადეკვატურად, მნიშვნელოვანია შეიმუშაოთ კვირის რეჟიმი იმგვარად, რომ ერთი დღე გქონდეთ გამოყოფილი ძალების აღსადგენად. ერთი შეხედვით, რაც შეუძლებლად მიგვაჩნიათ, აღმოჩნდება, რომ სავსებით შესაძლებელია, თუ დავაგეგმარებთ ჩვენს დღეს ან კვირას ადეკვატურად- გამოვყოფთ მნიშვნელოვან საქმეებს უმნიშვნელოსგან და არ ავიკიდებთ ზედმეტ პასუხისმგებლობებს.

6. რა არის ჩვენი კარგი ხასიათი მიზეზი- მეგობრებთან ყოფნა, ოჯახური შეკრებები, ქალაქგარეთ გასეირნება, საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო, წიგნის კითხვა, თეატრში ან კინოში წასვლა… განსაზღვრეთ თქვენი სიამოვნების სფეროები და შეეცადეთ თქვენს გრაფიკში აუცილებლად აღმოჩნდეს მათთვის საკმარისი დრო.

7. მიხედეთ თქვენს თავს, ფიზიკურად და სულიერად. მიმართეთ პროფესიონალურ დახმარებას, თუ მარტოდ ვერ ახერხებთ პრობლემის გადაჭრას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები