LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ თამაშდამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

428
indira-gvarmiani

გადაცემის ლაივი LIVE

თამაშდამოკიდებულება დამოკიდებულებებს შორის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა, რომელსაც საკმაოდ მძიმე შედეგები ახლავს. რა რისკები ახლავს თამაშდამოკიდებულებას და რა არის გამოსავალი აღნიშნული პრობლემიდან – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი.

საიდან იწყება დამოკიდებულება?

ზოგადად დამოკიდებულება ეს არის ძლიერი დაუძლეველი სურვილი, ლტოლვა რაღაცის მიმართ, რომლის კონტროლი ძალიან რთულია, ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელიც კი და მას აქვს აკვიატების სახე. შესაბამისად, თამაშდამოკიდებულებაც ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მექანიზმი იგივეა რას წამალდამოკიდებულების, ალკოჰოლიზმის თუ კვებითი დამოკიდებულების დროს. ყველა ამ დამოკიდებულებას მექანიზმი საერთო აქვთ, თუმცა განსხვავებული ზიანი და შედეგი. თამაშდამოკიდებულების დროს ადამიანის  ინტერესთა სფერო ფერმკრთალდება, ნელ-ნელა ვიწროვდება და შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ინტერესითაც კი შემოიფარგლოს. თამაშზე დამოკიდებული პირი სიამოვნებას ვერ იღებს სხვა ცხოვრებისეული ასპექტებისგან.

საიდან იწყება? – თამაში გართობასთან არის კავშირში და გართობით იწყება. ვისაც ეს გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა ყველა თამაშდამოკიდებული არ ხდება, ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები, რამაც შესაძლებელია განაპირობოს დამოკიდებულების ჩამოყალიბება: ეს არის ასაკი (გარდატეხის,მოზარდობის); ფსიქიკური მდგომარეობა, სტრესული გარემო და ის სოციალური ფონი, რომელშიც ადამიანი იმყოფება. ცალ-ცაკე აღებული ეს ფაქტორები არ არის ასე ცალსახად განმსაზღვრელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება.

რამდენად საშიშია, რა რისკები ახლავს თამაშდამოკიდებულებას?

ყველა დამოკიდებულებას ერთი და იგივე მექანიზმი უდევს საფუძვლად, თუმცა სხვადასხვა დამოკიდებულებას სხვადასხვა რისკები და ზიანი ახლავს თან. ყველაზე ცუდი შედეგი, რაც შეიძლება თამაშდამოკიდებულებამ გამოიწვიოს, ეს არის საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, სამწუხაროდ გვაქვს სუიციდის ფაქტები. გარდა ამისა, თამაშდამოკიდებულება იწირავს საზოგადოებრივ სტატუსს, კარიერასა და ოჯახს. კარგავს, როგორც პიროვნულ თავისუფლებას, ასევე შესაძლებელია დაკარგოს ფიზიკური თავისუფლებაც, კერძოდ ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება და აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ხანგრძლივი თამაშდამოკიდებულება კლინიკურ პათოლოგიად განიხილება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ პათოლოგიური გემბლიგი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა როგორც იმპულსის კონტროლის დარღვევა. დღეისათვის კი, კლასიფიცირდება როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა, რომელიც ნივთიერებებზე დამოკიდებულების მსგავსია.

გარდა ამისა, ცალკე უნდა გამოვყოთ არასრულწლოვნები. ასაკიდან გამომდინარე, მათთვის დამახასითებელია კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მით უფრო მეტად იზრდება ეს რისკი, როცა მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თამაში. ასევე ამ ასაკში ადვილად ექცევიან თანატოლების გავლენის ქვეშ, მიდრეკლები არიან მიიღონ სხვადასხვა გამოცდილებები, რაც თითქოს აკრძალულია და არ ითვლება კარგ ტონად. შესაბამისად, ამ ასაკობრივ ჯგუფში მაღალია რისკი გახდენენ  თამაშდამოკიდებულნი .

რას ვერ აცნობიერებენ თამაშდამოკიდებული ადამიანები?

თამაშდამოკიდებულ პირებს  დასაწყისში უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რაოდენ დიდ პრობლემასთან აქვთ საქმე, პრობლემის სიმძიმეს, სიღრმეს და რისკებს ვერ აცნობიერებენ. უჭირთ საერთოდ იმის  აღიარება, რომ დამოკიდებულები არიან თამაშის პროცესზე. აღიარება კი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია და სწორედ აღიარების შემდგომ იწყება პრობლემასთან გამკლავების მცდელობები. ხშირ შემთხვევაში კი ეს მხოლოდ მაშინ იწყება როცა სახეზეა საკმაოდ დიდი დანაკარგი. დანაკარგი სოციალური სტატუსიის, დანგრეულია ოჯახი, ურთიერთობები, დაზიანებულია ფსიქიკა, ფინანსური დანაკარგი და ა ა.შ

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ახლა დაიწყო თამაში, ან ჰგონია რომ გართობის მიზნით თამაშობს. თუ თქვენ ხედავთ,  რომ უფრო მეტ დროს უთმობთ თამაშს, ვიდრე ადრე, რაც ადრე გაინტერესებდათ, უკვე აღარ გაინტერესებთ, თუ ხშირად ფიქრობთ თამაშზე, თუ თამაშის შეწყვეტის შემთხვევაში ცუდად გრძნობთ თავს, გაღიზიანებული, დაძაბული ხართ, გაწუხებთ შფოთვა, უხალისობა, უძილობა მინდა გითხრათ, რომ უკვე უნდა დაფიქრდეთ იმაზე, ხომ არ ხართ დამოკიდებული ამ პროცესზე.

როგორი უნდა იყოს შეზღუდვა?

ოჯახის მხრიდან საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათთვის ვალების გადახდა, რათა არ დავუშვათ ფულთან და ფასეულობებთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ახალი პრეცედენტი.

ასევე სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს , მით უფრო როცა თავად თამაშამოკიდებული პირებისაგან და მათი ოჯახის წევრებისგან მომისმენია, რომ თუკი მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ იქნება “თამაში”, ბევრად უფრო გაუადვილდებოდათ ამ დამოკიდებულებასთან გამკლავება. შეზღუდვა დარეგულირებული უნდა იყოს კანონმდებლობით, თუმცა კანონი მხოლოდ კანონისთვის არ უნდა გვქონდეს. ის უნდა იყოს ქმედითი და ზუსტად პასუხობდეს ამ პრობლემატიკას.

არსებობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, აშშ, რომელიც ცნობილია თავისუფლების სიყვარულით და ლიბერალური ღირებულებებით, აზარტული თამაშების მიმართ სულაც არ არის ასე განწყობილი. პირდაპირი აკრძალვა არ არის, თუმცა საბანკო რეგულაციების მიხედვით, ფაქტიურად შეუძლებელია მოგებული თანხის გატანა. ბანკები უარს ამბობენ აზარტული თამაშების შედეგად მოგებული თანხის ტრანზაქციების განხორციელებაზე. ონლაინ კაზინოები თავს არ იწუხებენ რთულ ამერიკულ კანონმდებლობასთან ბრძოლისთვის და ძალიან მარტივად, მოქალაქეებს საიტზე წვდომას უზღუდავენ.

ჩინეთში კაზინოს თამაშები ნებადართული არ არის მის არც ერთ ფორმასა და გამოვლინებაში, ჰონგ კონგისა და მაკაოს გამოკლებით, რომლებსაც საკუთარი განკერძოვებული კანონმდებლობა აქვთ, სხვა ყველა ადგილას აზარტული თამაშები დანაშაულად ითვლება და კანონით ისჯება. ქვეყანაში თანაბარი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ, ვისაც თამაშისას დაიჭერენ და ვინ ამ თამაშებს მოსახლეობას სთავაზობს.

თურქეთში ონლაინკაზინოები და სხვა აზარტული თამაშები ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. ხელისუფლებამ ბანკებს, ინტერნეტპროვაიდერებსა და სხვა სააგენტოებს მოუწოდა შეაჩეროს არალეგალური ვებ-საიტების მოქმედება ნებისმიერი შესაძლო გზით.

ჩვენთან, საქართველოში სამწუხაროდ არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებოსბს თამაშდამოკიდებული პირებისთვის, არც ისეთი რეგულაციები გვაქვს რომელიც პრევენციას შეუწყობს ხელს, ამ დროს პრევენცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საკითხია. საქართველოში გვაქვს საქართველოს კანონი  ლატარეიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ, სადაც გვაქვს 32 მუხლი, ამ მუხლის მიხედვით 21 წლამდე ასაკის პირებისათვის სამორინეში, აზარტულ კლუბებში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატების და მომგებიანი თამაშობის ადგილას შესვლა არის აკრძალული. მიუხედავად ასეთი რეგულაციისა, სამწუხაროდ არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა ამ ასაკის ადამიანები თავისუფლად ახერხებენ შესვლას და თამაშს, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს ეს რეგულაცია.

გამოსავალი რა არის?

პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კომპლექსური მიდგომა ყველაზე ეფექტურია. იგულისხმება ოჯახის მხრიდან სწორი თანადგომა, სპეციალისტების ჩართულობა. თუმცა გადამწყვეტი მაინც არის თვითონ ის ადამიანი ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას. რამდენად აქვს გააზრებული თუ რასთან აქვს საქმე, რამდენად მზად არის გამკლავებისთვის და საერთოდ, აქვს თუ არა მოტივაცია ეს სირთულე დაძლიოს. საწყის ეტაპზე აუცილებელია თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ფინანსურად შეზღუდვა. არ არის გამართლებული მათთვის ვალების გადახდა, რათა არ დავუშვათ ფულთან და ფასეულობებთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ახალი პრეცედენტი. ძალიან კარგია, თუ ის დაგთანხმდებათ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარა საკუთარი ძალებით პრობლემასთან გამკლავების შეუძლებლობა. მან უნდა გაიაზროს ყველა დამანგრეველი შედეგი, რაც ამ ჩვევამ მოუტანა და მიიღოს მყარი გადაწყვეტილება, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ჩვევების, ახალი ქცევების შემუშავებას, ინტერესების გამოკვეთას, ამ ადამიანებმა თავიდან უნდა ისწავლონ სიამოვნების მიღება სხვა ჯანსაღი ცხოვრებისეული ასპექტრებიდან. უარი თქვან ყველა იმ ნივთიერებაზე, რაც იწვევს თრობას, ეს ხელს შეუწყობს უფრო გააკონტროლონ შიდა მიმდინარე პროცესები. აუცილებელია ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაკარგული კონტაქტების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება, ახალი ურთიერთობების დამყარება.

7 რჩევა ინდირა გვარმიანისგან:

1. აღიარება თამაშდამოკიდებული პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამით იწყება რეალურად გამკლავება ამ პრობლემასთან, რაც უფრო ადრე მოხდება აღიარება, მით უფრო შეამცირებს მოსალოდნელ ზიანის ხარისხს.

2. თამაშდამოკიდეული პირი უნდა მოერიდოს  ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ალკოჰოლი და სხვა საშუალებები, რაც იწვევს თრობას, რადგან ისედაც რთულია სურვილზე უარის თქმა, კონტროლი და თუ დაემატება ალკოჰოლი, მით უმეტეს რთული იქნება ამ პროცესისის მართვა.

3. ამ დამოკიდებულებას ახასიათებს ე.წ რემისია, იმის შემდგომ რაც იწყება გამკლავების პროცესი და იმისთვის, რომ ეს მაქსიმალურად ხანგრძლივი იყოს სასურველია და მნიშვნელოვანია დამოკიდებულმა პირმა უარი თქვას მაპროვოცირებელ ფაქტორებზე, როგორიცაა სამეგობრო თუ სანაცნობო წრე, რომელიც დაკავშირებულია თამაშთან.

4. ოჯახის წევრების მხრიდან უნდა იყოს სწორი მხარდაჭერა, არ არის სწორი ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. არამედ, სწორი ემოციუირი მხარდაჭერა ოჯახის წევრის მხრიდან, ის რომ მარტო არ არის ამ პრობლემასთან გამკლავების დროს.

5. ფხიზლად უნდა იყვნენ მშობლები, რომლებსაც ყავთ მოზარდი, რადგან ეს ის ასაკია, როცა მოზარდი მიდრეკილია მიიღოს ახალი გამოცდილებები, ადვილად ექცევა თანატოლების ზეგავლენის ქვეშ და შესაბამისად, რისკი გახდეს თამაშზე დამოკიდებული, მაღალია.

6. მნიშვნელოვანია პრევენცაზე ზრუნვა, რათა დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს შედეგთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია. განთლების სისტემა სკოლებში ფსიქოგანათლების, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით თუ იმუშავებს ეს იქნება ერთგვარი პრევენცია.

7. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედითი რეგულაციების შემოღება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები