LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვირჩევთ ცხოვრების თანამგზავრს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

13
ana-arveladze-silamazis-akademia

გადაცემის ლაივი LIVE

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პარტნიორის არჩევის დროს გარკვეულ ფაქტორებს აქვთ გავლენა. რის მიხედვით ვირჩევთ პარტნიორებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ნლპ ოსტატმა ანა არველაძემ ისაუბრა.

რა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება პარტნიორის არჩევა?

გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყველა ადამიანი ეძებს მის მეორე ნახევარს იმ იმედით, რომ მასთან შეხვედრა გაამთლიანებს და მისცემს შესაძლებლობას ჰარმონიულ თანაარსებობაში იყოს სამყაროსთან. ჩვენ იმდენად გვიტაცებს ეს პროცესი, რომ ხშირად მრავალ წელს უსაფუძვლოდ ვხარჯავთ მის ძებნაში, რადგან გვგონია, რომ ჩვენი მეორე ნახევარი აუცილებლად იდეალური უნდა იყოს და გვავიწყდება, რომ იდეალური პარტნიორები არ არსებობენ.

ევოლუციონერი ფსიქოლოგების აზრით, კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან მამრობითი სქესის წარმომადგენელი მდედრს შთამომავლობის შექმნის ძლიერი სურვილით ირჩევს,  ხოლო მდედრი საკუთარი რეპროდუქციული შესაძლებლობის „ინვესტირებას“ სიფრთხილით ეკიდება და სჭირდება იმის დასტური, რომ პოტენციური მამა ჯანმრთელი და უზრუნველყოფილია. ეძებს მას, ვინც არის  ბრწყინვალე მონადირე, რომ შეძლოს ოჯახის უზრუნველყოფა ყველა საჭირო პირობით და რაც მთავარია, შეძლოს მათი დაცვა ნადირთა თავდასხვებისაგან. მათი დაკვირვება და არაერთი საინტერესო კვლევა ცხადყოფს, რომ მამაკაცები უმეტეს შემთხვევაში ირჩევენ მათზე უმცროს პარტნიორებს, ხოლო ქალები-უფროსს.

გასათვალისწინებელია, რომ პარტნიორის არჩევის მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლებს. გამომდინარე იქიდან, რომ საპირისპირო სქესის პირველი სახე არის ამ სქესის წარმომადგენელი მშობელი: ქალებისთვის-მამა, ხოლო ვაჟებისთვის-დედა. ჩატარდა მრავალი კვლევა ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, სადაც გამოვლინდა, რომ იმ ოჯახებში,  სადაც დედა ფერადკანიანია, ხოლო მამა თეთრკანიანი, ვაჟი ფერადკანიან პარტნიორს ირჩევს და ქალი-თეთრკანიანს. სხვა კვლევებით კი აღმოჩნდა, რომ პარტნიორებს  სიმაღლე, თვალისა და თმის ფერიც საპირისპირო სქესის მშობლის მსგავსი აქვთ. არა მხოლოდ ფიზიკური , არამედ ფსიქო-ემოციური მსგავსებებიც უხვად გვხვდება პარტნიორებს და მათ მშობლებს შორის.

რა როლს ასრულებს ქვეცნობიერი?

მეწყვილის შერჩევის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს ქვეცნობიერი და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტნიორს ვირჩევთ ცნობიერად მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელ მშობელს საუკეთესო თვისებებით ჰგავს, ვცდებით…

ქვეცნობიერის ერთგვარი დანიშნულებაა ჩვენი „გადარჩენა“ და ხშირად საკუთარ უფლებამოსილებას  ბოროტად იყენებს, კერძოდ, მას აქვს შიში ყველა  სახის სიახლის და  მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მშობლის მხრიდან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, ქვეცნობიერი აქტიურად ჩაერთვება მსგავსი „მოძალადე“ პარტნიორის პოვნის პროცესში და მარტივად შეძლებს, გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ ვერ შევამჩნიოთ ეს თვისება მასში.

საინტერესო შედეგები გვაჩვენა კვლევამ, რომელმაც ცხადყო, რომ იდენტური ტყუპები ერთმანეთის მსგავს პარტნიორებს და ასევე, მეგობრებს ირჩევენ, ვიდრე არაიდენტური და ამ კვლევის მაგალითზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გენეტიკური პროცესებიც ერთვება პარტნიორის არჩევის მომენტში.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ეგრეთ წოდებული „ქიმია“ ხდება ოჯახის შექმნის „პროვოკატორი“, რასაც ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს და თუ ურთიერთობაში არ არის  სხვა დამატებითი საერთო მახასიათებლები, როგორიც არის ტემპერამენტი, შეხედულებები, ინტელექტი, ღირებულებები და სხვ. ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება.

რა ხდება ურთიერთობის დასრულების მიზეზი?

ოჯახის დანგრევის ყველაზე ხშირი მიზეზი არის იმედგაცრუება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არასწორი მოლოდინების ბრალია. მნიშვნელოვანია არ გავაიდეალოთ პარტნიორი და თუ ურთიერთობის დასაწყისშივე აღმოვაჩენთ, რომ მსგავსი გემოვნება გვაქვს და მსგავსი კერძები გვიყვარს, ნუ გვექნება იმის მოლოდინი,  რომ შესაბამისად, ყველაფერში საერთო შეხედულება და აზრი გვექნება და არ გაგვიკვირდეს, როდესაც საპირისპიროს აღმოვაჩენთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეცნობიერი თითქმის მთავარი მონაწილეა პარტნიორის არჩევის პროცესში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ცოდნა გარკვეულ  დახმარებას გაგვიწევს.

  • მრავალშვილიანი ოჯახების უფროსი შვილები განსაკუთრებული მეოჯახეები არიან (კვლევების მიხედვით, მათ შეუძლიათ ურთიერთობაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღება და ასევე, მზრუნველი პარტიორები არიან).
  • მნიშვნელოვანია თანხვედრა საერთო მიზნების შესრულების ვადებში (მაგ. თუ ერთ-ერთ პარტნიოტს სურს 1 წლის შემდეგ გახდეს მშობელი , ხოლო მეორე პარტნიორს სურს 5 წლის შემდეგ).
  • მნიშვნელოვანია ერთი და იგივე რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული შეხედულებები (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განქორწინების ერთ-ერთ მიზეზი სწორედ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობაა).
  • ჯანსაღი ურთიერთობისათვის გადამწყვეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემპათია.

დაფიქრდით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 20 წლის შემდეგ – თუ სასიამოვნო ღიმილი მოგეფინებათ და მიხვდებით, რომ მრავალი წლის შემდეგაც შეგიძლიათ ბედნიერად იგრძნოთ თავი მის გვერდით, გილოცავთ, თქვენ არც ისე შორს ხართ, მართებული გადაწყვეტილების მიღებისაგან. როგორც დაოსები ამბობენ „არც ერთი ადამიანი არ იბადება მისი მეწყვილის გარეშე“.

გადაცემის აუდიჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები