გუშინდელი დღიდან სტიქიას ებრძვიან ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმების შედეგად 3 მდინარეა ადიდებული. მუნიციპალიტეტის 4 სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია. მდინარემ წაიღო სოფელთან დამაკავშირებელი გზები და ხიდები.
ადგილზე დილიდან იმყოფება რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. გიორგი მაქარაშვილი “ფორტუნასთან” სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ რეგიონში ამ დრომდე ძლიერი წვიმაა, რაც ხელს უშლის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და როგორც კი ამინდი ამის შესაძლებლობას მისცემთ, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“ახლა ადგილზე ვიმყოფები. წუხელ მოსულმა დიდი რაოდენობით ნალექმა გამოიწვია 3 მდინარის ადიდება. ჩაკეტილი იყო გზები. ამ დროისათვის გახსნილია ცენტრალური გზა. დაზიანებულია გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. მოსახლეობასთან სატელეფონო კავშირზე ვართ და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მათ დახმარება აღმოვუჩინოთ. 4 სოფელთან ჯერჯერობით მიმოსვლის აღდგენა ვერ ხერხდება. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის აღდგენა. სამწუხაროდ, ამინდი ხელს არ გვიწყობს. ისევ გრძელდება ინტენსიური წვიმა. პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ დავიწყებთ ზარალის დათვლას. მოსახლეობას ამ დროისათვის ელექტოენერგია მიეწოდება”, – აცხადებს გიორგი მაქარაშვილი.
ლენტეხის 4 სოფელი გარესამყაროს მოწყდა: რეგიონში სტიქიას ებრძვიან