სამშენებლო კომპანია The Boring Company, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, ნევადას შტატის ხელისუფლებას შეუთანხმდა და სულ მალე მიწისქვეშა გვირაბების ქსელს შექმნის. პროექტის მიხედვით, აშენდება 46 კილომეტრის სიგრძის გვირაბების ქსელი, რომელიც 51 სადგურს გააერთიანებს. ლას-ვეგასის ნებისმიერ წერტილამდე მოხვედრა სპეციალური „კაფსულის“ მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ასეთი მგზავრობის ღირებულება 6 დოლარს შეადგენს.
მასკის ამბიციური გადაწყვეტილების მიხედვით, სპეციალისტები მომავალი წლისთვის 5-დან 10-მდე სადგურს მოაწყობენ. ამის შემდეგ ყოველწლიურად 20 სადგურის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება. პროექტის ავტორთა ინფორმაციით, „მეტრო“ საათში 57 ათასამდე მგზავრს უნდა მოემსახუროს.
„მეტროში“ მატარებლის ნაცვლად სპეციალური კაფსულები იმოძრავებენ და მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისვლას გაჩერების გარეშე შეძლებენ.