გასული თვის ბოლოს 91 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდა, ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა. ბარდო ონკოლოგიურ დაავადებას მრავალი წელი ებრძოდა. მსახიობი ოქტომბრის თვეში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან თავის მეუღლესთან და საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად, სენ-ტროპეს ვილაში გაატარა.
ახლახან მედიაში ვარსკვლავის დაკრძალვის კადრები გავრცელდა. ცერემონიალი სენ-ტროპეში გაიმართა.
მისმა მეუღლემ, ბერნარ დ’ორმალიმ, ბრიჯიტის უკანასკნელი სიტყვები გააჟღერა.
„მე მის გვერდით მეძინა, თვალი გავახილე, გავიგე, როგორ თქვა მან სიტყვები „პიუ პიუ“. ეს ჩვენი სიტყვა იყო, მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, ასე მივმართავდით ერთმანეთს… ეს იყო და ეს…“, – ჰყვება 84 წლის დ’ორმალი Paris Match-თან ინტერვიუში.
ბარდოს დაკრძალვაზე მისი ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც მან მთავარი როლი შეასრულა როჟე ვადიმის ფილმში „და ღმერთმა… შექმნა ქალი“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ბრიჯიტ ბარდომ წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა: „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.

