სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ მარნეულში, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის კედლებზე ანტისაოკუპაციო გამოფენა მოაწყო. პრორუსული პარტიის კარზე 2008 წელს, ცხინვალში მოკლული გიორგი ანწუხელიძის ფოტო მიაკრა წარწერით “რუსეთი ოკუპანტია”. წარწერების გარდა, აქტივისტმა ალტ-ინფოს ოფისზე პუტინის სისხლიანი გამოსახულება და ასევე, აგვისტოს ომიდან კადრები გააკრა.
“ალტ-ინფოს მარნეულის ოფისში ვიწყებ ცნობიერების ამაღლების უფასო სასწავლო კურსს!
კურსი: გვახსოვდეს 8 აგვისტო!
31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი, 8 აგვისტო!
ამ თარიღების ფონზე სირცხვილია რუსეთის სიყვარულზე საუბარი. უნდა გრცხვენოდეს იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის სიცოცხლე მუდმივად დაკარგა”, – წერს აქტივისტი ფეისბუკის პირად გვერდზე.
სამირა ბაირამოვა აქტივისტია, რომელიც 14 მარტის შემდეგ სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას მარნეულში.
„ალტ-ინფომ“ თავისი მუქარა შეასრულა“ – სამირა ბაირამოვას თქმით, მარნეულში ენმ-ს ოფისი შეღებეს
მას მარნეულში ალტ-ინფოს ოფისზე ბანერი უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებში შეღებვის გამო სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამირა ბაირამოვამ საგამოძიებო უწყებას იმავე დღეს მიმართა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.