LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მიღება ამერიკის ელჩთან და მუსიკის გაკვეთილები დაიანა რივსისგან თბილისის ჯაზფესტივალის გახსნაზე

393
fortuna

ჯაზური სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ხმა – დაიანა რივსი, რომელიც ელა ფიცჯერალდის, კარმენ მაკრეის, სარა ვონის და სხვათა მემკვიდრედ სამართლიანად არის შერაცხილი, თბილისის ჯაზფესტივალს უკვე მეორედ ესტუმრა. მათ, ვისაც გვახსოვდა დაიანას მომნუსხველი პერფორმანსი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, წლების წინ, მოლოდინი განსაკუთრებულად გვქონდა გამძაფრებული, მათ შორის იყო „ისთერნ ფრომოუშენსის“ წევრი, კახა კანდელაკიც, რომელიც კონცერტის წინ სიამოვნებით გვესაუბრა.

კახა კანდელაკი: 

როგორც ატყობთ აქ შექმნილ გარემოს – ჯაზი მართლაც აერთიანებს ადამიანებს! ხალხს მოენატრა ერთმანეთის დანახვა. კარგი სიტუაციაა – კომფორტი პარკინგიდან დაწყებული, ჟღერადობით დასრულებული და ამაში თავად დარწმუნდება ყველა სტუმარი. ჩვენ ყოველთვის ავანგარდში ვართ და მაყურებელს სიახლეებს ვთავაზობთ. დარწმუნებული ვარ, „შერატონის“ ეს დარბაზი საკონცერტო სივრცედ გადაიქცევა…

დღევანდელ საღამოზე ვისაუბროთ – ჯაზურ სამყაროში დაიანა რივსი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სახელია… 

ნამდვილად ასეა. ელა ფიცჯერალდის და სარა ვონის ძალიან მაგარი მემკვიდრეა. ყველა დიდი ფესტივალის ნატვრაა, რომ დაიანა რივსი მათთან ჩავიდეს და ორმაგად სასიამოვნოა, რომ ის თბილისის ჯაზფესტივალს მეორედ სტუმრობს, მით უმეტეს, ასეთ ბრწყინვალე მუსიკოსებთან ერთად.

გუშინ ჩამოვიდნენ. ამერიკის ელჩმა სახლში მიგვიწვია. ძალიან კარგი საღამო გვქონდა. დაიანა რივსი ბედნიერი იყო. თბილისი კარგად ახსოვდა. აქ ძალიან უხარიათ ჩამოსვლა, რადგან ჩვენც კარგად ვხვდებით და პუბლიკაც. აინტერესებთ ჩვენნაირი ქვეყნები. 2010 წელს სხვა შემადგენლობით იყო ჩამოსული და საუკეთესო მოგონებები აქვს…

ჩვენც ძალიან კარგად გვახსოვს, ფაქტობრივად, ვერც ვივიწყებთ იმ საოცარ კონცერტს…

დღევანდელი კონცერტი განსხვავებულია, ისეთ დიდ  მუსიკოსებთან ერთად არის ჩამოსული… საუნდ ჩექი გაიარეს და ძალიან მოეწონათ, აღფრთოვანებულები არიან დარბაზით. თავიანთი ხმის რეჟისორით ჩამოვიდნენ. კმაყოფილები დარჩნენ აპაარტურით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში არის უკვე ძალიან კარგი დონის აპარატურა, რაც გარკვეულწილად „ისთერნ ფრომოუშენსის“ დამსახურებაა.

შეიძლება ითქვას, რომ დაიანა რივსი ზუსტად განასახიერებს იმ კონცეფციას, რაც თბილისის ჯაზფესტივალს აქვს…

თბილისის ჯაზფესტივალს ვეძახი მუსიკალური გემოვნების გაკვეთილებს. აქ უნდა იმეცადინო, მეც, მათ შორის (იღიმის). ჯო ზავინული ამბობდა, რომ ყოველდღე რაღაც ახალი უნდა ისწავლოს. აქ არის ტვინის ვიტამინები, მასტერკლასი, განსაკუთრებით – მუსიკოსებისთვის. ბათუმის ჯაზფესტივალი ცოტა განსხვავებულია, იქ ოჯახებით დადიან, წვიმაც რომ წამოვიდეს, უნდა მოეწონოს მსმენელს  – ის წელს 12-13-14 აგვისტოს, ხოლო 15 ოქტომბერს გაიმართება წინანდალში – Jazz and Wine. ყველა ამ ღონისძიებას ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფცია აქვს.

8 და 9 ივლისს რა გველოდება თბილისის ჯაზფესტივალზე?

ჰერბი ჰენკოკი ჯობია თუ ჩიკ კორეა, ხომ ვერ შეადარებ? აი, ასე ვერ შეადარებ 8 და 9 ივლისის კონცერტებს. ზოგადად, სამივე დღე ისე დავგეგმეთ, ლეგენდებსაც ნახავთ, ვოკალსაც მოისმენთ და ნახავთ იმას, ვინ არის ჯაზის მომავალი. ჩენ გვახასიათებს ეს – რამდენიმე წლით ადრე ჩამოგვყავს ისეთი მუსიკოსები, რომლებიც შემდეგ „გრემის“ იღებენ. ზოგი არტისტის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავდა თბილისის ჯაზფესტივალზე. ანუ ეს არის ადგილი, სადაც ახალსაც აღმოაჩენ და ძველსაც სხვანაირად მოუსმენ. მუსიკას მანქანაში მაინც თუ უსმენთ, ამ საღამოების გამოტოვება არ ღირს, მით უმეტეს, ამ ფასად, რადგან ევროპაში მსგავსი კონცერტები გაცილებით ძვირია.

„ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, მოდუნდეთ, დაუკრათ ტაში, იცეკვოთ და თავი კარგად იგრძნოთ. დიდი ხანი გავიდა, რაც აქ ვიყავი. ჩვენ თქვენ სხვადასხვა ტიპის მუსიკას შემოგთავაზებთ, რომელიც თავს ძალიან კარგად გაგრძნობინებთ. მზად ხართ?“, გვკითხა სცენიდან დაიანა რივსმა და დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ ძალდაუტანებლად საკუთარ სამყაროში შეგვიპატიჟა.

 

ყველაზე მაგარი ბგერის მქონე ქალი მსოფლიოში – დაიან რივსი ✌️✌️✌️✌️✌️✌️✌️✌️✌️✌️

Posted by Nino Murgulia on Thursday, 7 July 2022

დაიანა რივსი უკვე 65 წლისაა. ის რამდენიმე ათეული წელიწადია, სცენაზე დგას და აქტუალობას არ კარგავს. მისი, როგორც არტისტის ენერგია ერთდროულად წამლეკავიც არის, თუმცა თავშეკავებულიც და რაც მთავარია, ის თავად განასახიერებს ჯაზურ იმპროვიზაციას. როდესაც დაიანა სცენაზე დგას, არასდროს გაქვს იმის შეგრძნება, რომ ერთი ბგერა მაინც ყალბი და შეუსაბამო იქნება, რადგან ყველაფერი თავის ადგილზე დგას და ნებისმიერი ბგერა წინას ლოგიკური გაგრძელებაა. თუკი წლების წინ ის Love For Sale-ს დიზი გილესპის აკომპანემენტით ისე ასრულებდა, რომ გენიალურ მესაყვირეს უბრალოდ, საკუთარი ინსტრუმენტის გვერდით გადადებას და მისთვის აპლოდისმენტების მიძღვნას აიძულებდა, ხოლო მსმენელს – ყველა იმ ემოციის წინ წამოწევას, რასაც ამ შესრულებამდე ინახავდნენ, ახლანდელი დაიანა რივსი ძალიან განსხვავებულია – მშვიდი რეპერტუარით, ბრაზილიური თუ აფრიკული მოტივებით სავსე – ეს არის არტისტი, რომელსაც დაკვირვებული მსმენელი სჭირდება – აქ არაფრის გამოტოვება არ ღირს, თუმცა თავისი შესრულებით ღრუბლებში თავით არაერთხელ აღმოგაჩენთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბისზე გამოსული პატარა, მაგრამ დამაფიქრებელ კომპოზიციას შემოგთავაზებთ გიტარისტთან ერთად, მის „ძმასთან სხვა დედისგან“, როგორც თავად აღნიშნავს.

 

თბილისის 25-ე ჯაზფესტივალი ჯაზის ბრწყინვალე წარმომადგენლის, დაიანა რივსის კონცერტით გაიხსნა ❤️

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, 7 July 2022

 

ბისი ვახსენეთ და ქართველმა პუბლიკამ დაიანა რივსი კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მიიღო, რასაც ჩვენ მიერ გადაღებული ეს ვიდეოც მოწმობს. ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც კოვიდპანდემიის გამო ხანგრძლივი და იძულებითი შესვენების შემდეგ, მუსიკოსები კვლავ ხვდებიან მსმენელს, მათთან უკუკავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ენერგია გამორჩეულად იგრძნობოდა გუშინ, „შერატონის“ საკონცერტო დარბაზში. „ყველა კონცერტი წინაზე უკეთესია“, აღნიშნა რივსმა, – „და ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი კონცერტი საუკეთესოა“, დასძინა მუსიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ დაიანა რივსის კონცერტამდე მაყურებელს თბილისის ჯაზფესტივალზე ორი საათით ადრე მისვლა, ვინილების შეძენა, ფოტოგამოფენის დათვალიერება და ჯაზისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ნახვაც შეეძლო. ამას, რასაკვირველია, ჯაზთან კიდევ ერთხელ მიახლებისა და შესანიშნავი ემოციების აღძვრის მიზანიც აქვს და დროის საუკეთესოდ გატარებისაც, ამიტომაც დღევანდელ და ხვალინდელ კონცერტებზეც იგივე გამეორდება. თბილისის ჯაზფესტივალი დღეს Crosscurents Trio-ს კონცერტზე გელით. შეიძლება, ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ  თუკი გეტყვით, რომ მის შემადგენლობაში დეივ ჰოლანდი, ზაქირ ჰუსეინი და კრის პოტერი შედიან, როგორ ხასიათზე დადგებით?!.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები