LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაიწიეთ: თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემაა, მაგრამ …

131

„კიდევ ერთი მარშუტკა გაფუჭდა გამოსვლისას“, – ასე იმართლებენ მძღოლები თავს, რომლებიც ხაზზე დიდი ინტერვალებით დადიან.

როგორც “ფორტუნასთან” ერთერთი ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლმა თქვა, სამარშრუტო ტაქსები ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით ხშირად ფუჭდება და ამის გამო, ისინი დიდი ინტერვალებით მოძრაობენ.

მიკროავტობუსების გაფუჭებას მძღოლი გამაგრილებელი სისტემის ჩართვას უკავშირებს.

„არ ვარგა ეს მარშუტკები. კონდინციონერებს გვართვევინებენ და ფუჭდება, ვერ უძლებს“, – განაცხადა ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლმა.

“თბილისის მიკროავტობუსში” განაცხადეს, რომ დედაქალაქს სამარშრუტო ტაქსები ნამდვილად არ აკლია.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა, ქალაქში იმდენი ყვითელი მარშუტკა მოძრაობს, რამდენიც საჭიროა.

„იმდენი მიკროავტობუსი გამოდის თითო ხაზზე, რამდენიც საჭიროა. მთლიანობაში დედაქალაქის მასშტაბით 1800-მდე სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს. შესაძლებელია, რამდენიმე ერთეული მწყობრიდან გამოვიდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ რამდენიმე საათის შემდეგ ისინი ხაზს უბრუნდება. ის, რომ დედაქალაქს სამარშუტო ტაქსები აკლია, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა „ფორტუნასთან“.

გარდა ამისა, გაზრდილია შუალედები მეტროპოლიტენში. მატარებლები დაახლოებით დამატებით 2 წუთის ინტერვალით დადიან. შესაბამისად, საღამოს საათებში მგზავრები ერთ შემადგენლობას შესაძლოა 10 წუთზე დიდხანს ელოდონ (რადგან გვიან მატარებლები, ისედაც დიდი ინტერვალით მოძრაობენ).

აღნიშნული გრაფიკი თბილისში მანამდე მოქმედებს, სანამ სასწავლო წელი არ დაიწყება და დედაქალაქი ისევ არ გადაივსება.

გრაფიკები მგზავრთნაკადის მიხედვით დგება, თუმცა არა ცოცხალ და განახლებად რეჟიმში.

როგორც თბილისის მეტროპოლიტენში “ფორტუნასთან” განმარტეს, ასეთი გრაფიკი წლების დაკვირვებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეა შედგენილი.

“დინამიკა არის ერთი და თითქმის არ იცვლება. რაც შეეხება ყოველდღიურად მგზავრთა ნაკადის დაკვირვებას – გვყავს მოძრაობის სამსახურში სტატისტიკის სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურად ნახულობს მგზავრთა გადაყვანის რაოდენობას. მართალია, ეს ფინანსურად ითვლება და ფინანსური კუთხით დგება ასეთი ანალიზი, თუმცა ეს გვაძლევს სურათს, რაიმე სიტუაცია ხომ არ არის ისეთი, სადაც არასტანდარტული წესით რეაგირებაა საჭირო. თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგალითად პეკინის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო ასეთი ფაქტი, მივიღეთ გადაწყვეტილება და “ზამთრის” განრიგი დავტოვეთ, თუმცა შემდეგ მგზავრთა რაოდენობა დაბალანსდა და მოძრავი შემადგენლობის დამატება საჭირო აღარ გახდა”, – განაცხადა ლელა სეთურიძემ და აღნიშნა, რომ კონკრეტული კვლევა მგზავრთნაკადთან დაკავშირებით, კომპანიას არ აქვს.

 

ის მოსახლეობა, რომელიც ზაფხულში დედაქალაქში რჩება „იჩაგრება“.

იმის მიუხედავად, რომ კერძო კომპანიაც და მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურიც ფიქრობს, რომ მგზავრთა გადაყვანის პრობლემები თბილისში არ არის და ყველაფერი დაბალანსებულია, ზაფხულში ამ პრობლემაზე მგზავრები საუბრობენ.

“ფორტუნასთან” საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ წელს ზაფხულში სამარშრუტო ტაქსებით გადადგილება განსაკუთრებით პრობლემურია.

„ადრე რომ იყო, ზაფხულში სიხალვათე ტრანსპორტში, წელს ამ მხრივ ზაფხული არ მიგრძვნია. ყოველდღე დავდივარ სამსახურში და ყოველ დღე გადაჭედილ ტრანსპორტში, ძირითადად კართან მდგომი ვმგზავრობ. სიცხეში ეს კიდევ უფრო აუტანელია“, – განაცხადა ჩვენთან ერთერთმა მოქალაქემ, რომელიც მთელ ზაფხულს თბილისში ატარებს.

სიცხესთან და გადაჭედილ ტრანსპორტთან ერთად ისინი, გაზრდილ ინტერვალებზეც საუბრობენ, რაც მათთვის პრობლემაა და ყოველდღიურ აქტიურ ცხოვრებაში ხელს უშლით.

„მარშუტკებში კონდინციონერი არ არის, გადატენილია ამ სიცხეში ხალხით და აი ასეთ ტრანსპორტშიც კი უნდა გაგიმართლოს რომ მოხვდე. დილას იმდენადაა გადავსებული, რომ შეიძლება არც გაგიჩერონ. ზოგჯერ 20 წუთიც კი დავლოდებივარ კონკრეტულ ნომერს“, – აღნიშნა ჩვენთან თათია კ-მ.

კიდევ ერთი თბილისში მყოფი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ინტერვალების გაზრდა ზაფხულში ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა პიკის საათებში განსაკუთრებული მობილიზებაა საჭირო, რადგან თბილისში “ზაფხულის” განრიგი დიდი ხანია აღარ არსებობს.

“ბოლო დროს, ტრანსპორტის მოძრაობისას ინტერვალები ძალიან გაიზარდა ეს ეხება, როგორც მეტროსა და ავტობუსებს, ასევე მიკროავტობუსებს. მქონია შემთხვევა, რომ მიკრტოავტობუსს 20-25 წუთიც კი დავლოდებივარ იმის იმედით, ან ახლა მოვა, ან ახლა მეთქი. რომ ვკითხულობ, ამბობენ, რომ 5-წუთიანი ინტერვალებით დადიან და დაგვიანებას ხან რას აბრალებენ, ხან რას.

ინტერვალები გაზრდილია მეტროს მოძრაობის დროსაც და ეს განსაკუთრებით პიკის საათებში იგრძნობა, ხან 10 წუთზე მეტი ინტერვალით დადიან და ეს ასეთ დროს განსაკუთრებით პორობლემატური ხდება”, – განაცხადა ჩვენთან მგზავრმა, რომელსაც ყოველდღიურად ტრანსპორტის რამდენიმე სახეობის გამოყენება უწევს.

მძღოლებს თავისი სიმართლე აქვთ – ცარიელი ტრანსპორტით გადაადგილება არ “უღირთ”, კომპანიებს თავისი, სატრანსპორტო სამსახურს კი თავისი…

თუმცა ამ სიმართლეში მგზავრების ინტერესები იკარგება და მათ უფრო და უფრო ხშირად სთხოვენ: “გადაიწიეთ”…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები