მე ასე პირდაპირ ვერაფერს დავუკავშირებ, ოფიციალური მიზეზი, რატომ გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრი, გაცხადებულია,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გედევან ფოფხაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
გედევან ფოფხაძის თქმით, სამინისტროში საკმაოდ დიდი თანხა ტრიალებდა და აცხადებს, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, მათ შორის, ფინანსურ ხარჯვასთან დაკავშირებით.
“ბუნებრივია გვაქვს კითხვები, ბევრი რამ კეთდებოდა სამინისტროში და როცა ბევრი რამ კეთდება, კითხვები ჩნდება, ხარისხთან დაკავშირებით, მენეჯმენტთან, ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით. არ მიყვარს წინასწარი ფონის შექმნა და დადანაშაულება, თუმცა, როცა რამდენიმე მილიარდს ხარჯავს სამინისტრო, ბუნებრივია, კონტროლის მექანიზმები სათანადო უნდა იყოს, რომ ვინმემ ეს ბოროტად არ გამოიყენოს,“ – განაცხადა ფოფხაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზურაბ ალავიძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.