ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, სააკაშვილს ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა და ყველა მონაცემი ნორმაშია.
მისი თქმით, პაციენტი დაღლილი იყო და დღეს დილით სისუსტე აღენიშნებოდა, თუმცა არის მხნედ.
ექიმმა კვების რაციონზეც ისაუბრა და თქვა, რომ პაციენტი გაფართოებულ კვებაზე გადავიდა:
“წნევა იყო სტაბილური, ნორმაში. სასამართლო პროცესის შემდეგ, ჩატარდა კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები ნორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი და დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე.
რაც შეეხება კვების რაციონს – გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე. დღეს არის 30 ნოემბერი და ორ დეკემბრამდე კიდევ არის დრო. ამაზე უკვე მერე ვილაპარაკოთ.
მკურნალობა სრული სპექტრით მიდის. ყველა მონაცემი ნორმაშია. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უბრალოდ, კონტრაქტი გვქონდა რეანიმატოლოგებთან და ჯერჯერობით ჩვენთან არიან. კონსილიუმის წევრები მოდიან, ყოველდღიური კავშირი გვაქვს.” – თქვა ნინო გოგორიშვილმა.