LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა და განხორციელდა 437 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია

104
default

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთლიანობაში 437 კილომეტრი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა და ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ჩვენი მაჩვენებელი არის 84 კილომეტრზე მეტი და მათ მთელი ცხრა წლის განმავლობაში ააშენეს მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, ეს იყო ბევრად უფრო მარტივი მონაკვეთი, ვიდრე ის მონაკვეთები, რომლებზეც მუშაობა წარიმართება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ამ თვალსაზრისით. უკვე გახსნილია 367 კმ მაგისტრალური გზა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%. რაც შეეხება დამატებით მონაკვეთებს ძირითად მაგისტრალზე, ერთ თვეში გაიხსნება 6,4 კმ სიგრძის სურამის შემოვლითი გზა, წლის ბოლომდე გაიხსნება რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთი და ამით წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება ე.წ. საუკუნის პროექტის განხორციელება – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სამტრედიის ხიდის მშენებლობა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 6 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება დეკემბერში, ხოლო მეორე 6 კმ-იანი მონაკვეთი – მომავალი წლის მაისში. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება წლის ბოლომდე. ეს არის ის ვადები, რომლებსაც კიდევ ერთხელ გადავხედეთ და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ის სათანადო ვადებში განხორციელდება.

„ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, ესენია თბილისი-სადახლოს და თბილისი-წითელი ხიდის მონაკვეთები. წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა და დასრულდება სამ წელიწადში, 2028 წელს. კახეთის მიმართულებით ასევე ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები. გაიხსნა თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი ავტომაგისტრალური გზის მონაკვეთი, ასევე ბაკურციხე-წნორის 16,5 კმ-იანი გზა. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის მშენებლობა მაისში დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი მაქსიმალურად მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყნის სხვა კუთხეებთან. ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას, შესაბამისად, ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დასრულდება. ხულო-ზარზმის გზაზე დაგებულია საფარი 35 კილომეტრზე, გზის ძირითადი ნაწილი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო მეწყრული მონაკვეთების დასრულება მომავალი წლის ივნისში არის ნავარაუდევი. რუსთავის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავის, არამედ დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც, დაიწყო უკვე მიწების გამოსყიდვის პროცესი, წელს გამოცხადდება ტენდერი და 2027 წელს დასრულდება რუსთავის მაგისტრალური გზის მშენებლობაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ლარსის გზაზე და აღნიშნა, რომ ქვეშეთი-კობის გზაზე 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა, წლის ბოლომდე ქვეშეთი-გუდაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე ამ გზის მშენებლობა მთლიანად დასრულდება, რაც 25 კმ-ს მოიცავს.

„აგვისტოში დასრულდება მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, მომავალ წელს დასრულდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, მომავალი წლის ივნისში დასრულდება ფოთის ხიდის მშენებლობა და რაც შეეხება ანაკლიასთან დამაკავშირებელ გზას, რაც მნიშვნელოვანია პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაც, ვიწყებთ სამუშაოებს და ეს პროექტიც სათანადო ვადებში განხორციელდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.