LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაივლიან თუ არა ტექდათვალიერებას საჭეგადატანილი მანქანები?

108

საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერებისთვის მზაობა არ არსებობს. ამის შესახებ ”ფორტუნასთან” საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლამდე ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

”არ არის პუნქტები, სადაც ავტომობილების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. ეს პუნქტები, საჭიროების შემთხვევაში, მალევე შეიქმნება, თუმცა არ არსებობენ არც კვალიფიციური კადრები, რომლებიც ავტომობილის დათვალიერებას მაღალ დონეზე შეძლებენ”, – განმარტავს მევლუდ მელაძე და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება.

მისი თქმით, ამას არა მარტო საზოგადოების შემზადება სჭირდება, არამედ ტექნიკური მზაობაც უნდა არსებობდეს. ასევე ცნობილი უნდა იყოს, რა სტანდარტებზე და შეზღუდვებზეა საუბარი.

მელაძისთვის უცნობია, შეძლებენ თუ არა ტექდათვალიერების გავლას, საჭეგადატანილი ავტომობილები, თუმცა საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, საჭის სწორად გადატანის შემთხვევაში, საჭის გადატანა საფრთხის შემცველი არ არის.

”საქართველოში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შეაფასებს კარგად არის საჭე გადატანილი თუ ცუდად. ზოგადად, თუ საჭის გადატანა კარგი დეტალებით მოხდება, ეს უსაფრთხოების მხრივ, პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში. ამას არავინ ამოწმებს”, – აცხადებს მევლუდ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მაშინ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში  ჩანაწერი გაკეთდა, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განახლებულიყო. ბოლო ინფორმაციით კი, სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, სავარაუდოდ, 2017 წლის 31 დეკემბრიდან შევა ძალაში.

fortuna.ge