ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები – ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად“.
„ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. ამის მაგალითია ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს.
ასევე, მასობრივად გაიფიცნენ „აგარის შაქრის“ თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ამ კრიტიკულ ვითარებებში, ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში.