LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტმა კრისტალის 10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

102

სს „გალტ & თაგარტმა“, ს.ს. მისო „კრისტალის“ (კრისტალი) 10 მილიონი ლარის ღირებულების, ორწლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის 0%-ით განსაზღვრა.

„კრისტალი“ წარმოადგენს პირველ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას საქართველოსა და რეგიონში, რომელსაც სარეიტინგო კომპანია ფიტჩის (Fitch Ratings) რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნულმა რეიტინგმა და ისტორიულად კომპანიის თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა ინვესტორების მაღალი ნდობა და ფასიანი ქაღალდის მიმართ ინტერესი განაპირობა. დაგეგმილია კრისტალის კორპორატიული ობლიგაციის საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება.

„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ლარში დენომინირებული ობლიგაცია კრისტალის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და საფინანსო სექტორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია. მოზიდული დაფინანსებით კრისტალი გააგრძელებს მიკრო-მეწარმეებისა და ფერმერების დაფინანსებას მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ.

„გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის თქმით კი, ობლიგაციების გამოშვებას მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „კრისტალის“ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ , – განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები