LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაკვირვა იმ სიახლეებმა და სერვისმა, რასაც ახალგაზრდები მეწარმეებს გვთავაზობდნენ“ – მეწარმე ქალს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა საჩუქრად გადაეცა

82
11C92BC5-9BB9-4B2D-921F-6DDCF3B02BBC

მასწავლებელს, რომელიც საყვარელი პროფესიის პარალელურად მშობლიურ სოფელში, საოჯახო ტიპის სასტუმროს მართავს და ნატურალურ თაფლსაც აწარმოებს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა საჩუქრად გადაეცა.

მეწარმე ქალს სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმა საჩუქრად გადაეცა – დარინა თედორაძე ახალგაზრდა პედაგოგია დუშეთის რაიონის სოფელ გვიდაქედან.

საყვარელი პროფესიის პარალელურად მეწარმეობასაც ეწევა და მშობლიურ სოფელში, მამაპაპისეულ კარ-მიდამოში ტურისტებისთვის საოჯახო ტიპის სასტუმროს მართავს და ნატურალურ თაფლსაც აწარმოებს.

საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ბიზნესის სფეროში პირველად 2018 წელს სცადა. თავიდან აგრო-ბიზნესით დაკავდა და თაფლის წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით ძმასთან ერთად სოფელში საოჯახო ტიპის სასტუმრო „თაფლიდარი“ მოაწყო და პირველი სტუმრები მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო.

როგორც თავად ამბობს, ბედნიერია, რომ მისი მშობლიური მხარით ტურისტების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და რეგიონის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

„სოფელ გვიდაქეში წინაპრების სახლის ბაზაზე საოჯახო ტიპის სასტუმრო ძმასთან ერთად გავაკეთე. ბიზნესის მართვაში ოჯახის ყველა წევრი თანაბრად ვართ ჩართული. ვალდებულებები გადანაწილებული გვაქვს.

როცა მე სკოლაში ან კოლეჯში მიწევს მუშაობა, ამ დროს სასტუმროს ჩემი ძმა ხელმძღვანელობს. ვცდილობთ, არც მამაპაპისეული ტრადიციები დავივიწყოთ და თაფლიც მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ვაწარმოოთ.

ეს ყოველივე კი მომხმარებელთა ინტერესს ერთიორად ზრდის“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი მეწარმე.

ბიზნესის განვითარება, ონლაინ გაყიდვებისა თუ შესაბამისი პლატფორმის შეძენა დარინას საკმაოდ რთულ საქმედ ეჩვენებოდა, სანამ KIU-ს ინოვატორ სტუდენტებს გაიცნობდა.

რამდენიმე თვის წინ მეწარმემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში, ადგილზე გაეცნო თუ რას სთავაზობდნენ ახალგაზრდები და რა ტიპის სიახლე შეეძლო დაენერგა ბიზნესის განვითარებისთვის.

სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდების მიერ შეთავაზებული ინოვაციური პლატფორმა იქნებოდა საუკეთესო საშუალება, მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცხოელი მომხმარებლებისთვის მიეწოდებინა.

კოლაბორაციის ფარგლებში დარინამ და KIU-ს სტუდენტებმა ანა ჩხიკვაძემ, ნინი ცერცვაძემ, ნიკოლოზ გუბელაძემ და ერეკლე ლომთაძემ ერთ გუნდად იმუშავეს. წინასწარ განსაზღვრეს თუ რა ტიპის პლატფორმა იქნებოდა ზუსტად მორგებული მეწარმე ქალის ბიზნესისთვის.

ახალგაზრდებმა დატვირთული რეჟიმის შედეგად, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებითა და შესაძლებლობების გაერთიანებით, სასტუმრო „თაფლიდარისთვის“ შექმნეს ვებპლატფორმა.

საიტზე ასევე განთავსდა ინფორმაცია ოჯახის მიერ წარმოებული თაფლისა და ტურისტებისთვის შეთავაზებული ტურების შესახებ. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ვებგვერდი დარინა თედორაძეს პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადაეცა.

სტუდენტების მიერ შექმნილი საიტის დაფინანსება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უზრუნველყო, რითაც დარინამ ფინანსური რესურსი დაზოგა.

„დავესწარი უნივერსიტეტში მოწყობილ სტუდენტური ბიზენს პროექტების გამოფენას. გამაკვირვა იმ სიახლეებმა და სერვისმა, რასაც ახალგაზრდები მეწარმეებს გვთავაზობდნენ.

ოფიციალური საიტი ამ დრომდე არ გვქონდა, რაც ძალიან გვიშლიდა ხელს, როგორც ბიზნესის მართვაში, ისე ინფორმაციის გავრცელებაში.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გვაქვს ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ტურისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ. კონცენტრირებული სწორედ უცხოელებზე ვართ და ვფიქრობ ამ გზით ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირი ჩვენს მიერ შეთავაზებულ სერვისებს ერთ საიტზე გაეცნობა.

საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ ახალგაზრდებთან და მიხარია, რომ ახალი სეზონიდან უკვე ახალი ძალებით დავიწყებ ბიზნესის განვითარებას .“- აღნიშნავს დარინა.

დარინას მსგავსად პროექტის „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“ KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ვებგვერდები ჯამში 6 ბიზნესკომპანიას გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები