LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ არხეინობა, ვითომ ახალი ზელანდია ვართ, რომელსაც საერთოდ არ უომია..“ – რატომ ითხოვს ალეკო ელისაშვილი თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას?

20
BeFunky-collage (10)

როგორ შეიძლება ამ ვითარებაში შეიარაღების შესყიდვაზე არ ფიქრობდე? როცა ეს ვთქვი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მომიბრუნდა და მითხრა, რატომ ლაპარაკობ, რომ ჩვენი ქვეყანა სუსტიაო? სუსტია, აბა, რა არის, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგებული მაინც უნდა შემოვიდეს, ხოლო წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ სტუმრად ნინი ხუგაშვილთან განაცხადა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ აძლიერებდეს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას.

„წარმოიდგინეთ, ჯანდაცვის ბიუჯეტზე არაფერს ვამბობ, 220 მილიონი მიეცა, 150 მილიონი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და 80 მილიონი თავდაცვის სამინისტროს – ეს ხომ არის არაადეკვატურობა?

ელისაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს: თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო – ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის

იმიტომ ვუთხარი, ბატონ კაკაურიძეს, ან ინტერნეტი არ გაქვთ ან ტელევიზორს არ უყურებ-თქო, ჩვენგან გარშემო, ყველგან კატასტროფაა, კი არ მიხარია, ერთადერთი მშვიდი მხარე გვაქვს დასავლეთი და შავი ზღვა.

დანარჩენი, ჩვენი მეზობლები ერთმანეთს ებრძვიან, ვხედავთ, ჩრდილოკავკასიაში რა მღელვარებაა, რუსეთს აგერ საოკუპაციო ჯარი ჰყავს შემოყვანილი.. მოკლედ, საშინელება ხდება. ამ დროს ფული გენანება თავდაცვის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც დანაყოფები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მთელ პერიმეტრზე დგანან და ამათ ფულს ამადლის?

ალალი იყოს ჯარისკაცებისთვის და ოფიცრებისთვის ხელფასის მატება, მაგრამ მარტო ხელფასები ხომ არ არის? კარგია, რომ ბინებს უშენებენ [პოლიციელებს], მაგრამ ხომ ვხედავთ რა ხდება ჩვენს გარშემო და რაღაც ხომ უნდა შევისყიდოთ.

მართლა ვაჟკაცობით და კუნთებით ფონს ვერ გახვალთ. დრონებით მიდის ომი. ამ დროს შეიძლება, რომ ასე არაადეკვატურად დაგეგმო პრიორიტეტები? არც ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის არხეინობა უბრალოდ.

სომხეთის ბიუჯეტი მომდევნო წელს იქნება საქართველოს ბიუჯეტის სამხედრო ბიუჯეტთან 3-ჯერ მეტი – მილიარდ 200 მილიონი დოლარი აქვთ, ჩვენ გვექნება მილიარდ 200 მილიონი ლარი. სომხეთმა ინდოეთში უკვე შეუკვეთა 200 კილომეტრზე მსროლელი რეაქტიული საარტილერიო სისტემები. ჩვენი მსგავსი არაფერი გვაქვს

პრემიერი გამოდის და ამბობს, ზაფხულში ცნობილი ვარსკვლავები უნდა ჩამოვიყვანოთო, რა გვევარსკვლავება და რა გვემღერება? უნდა ვიყოთ მზად. მთელ მსოფლიოში აპრიორი აქსიომაა, რომ სუსტს ჩაგრავენ, ძლიერის დაჩაგვრის სურვილი არავის აქვს.

პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ისეთი რესურსი ჰქონდა, როგორც ყირიმის ანექსიის დროს. რუსეთს, რომ სცოდნოდა, როგორი წინააღმდეგობა შეხვდებოდა უკრაინაში, გამორიცხულია, 24 თებერვალს ეს ბრძოლა დაწყებულიყო. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და ამისთვის თავდაცვის სამინისტროს უნდა მიეცეს ფული”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი დაკორექტირდება, ელისაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკითხზე ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება და ორთვიანი განხილვის პერიოდში, ცვლილებების შეტანას კატეგორიულად მოითხოვენ.

ელისაშვილი: 20 მლნ ლარი 7 მლნ დოლარია, რა უნდა ვიყიდოთ, ერთი ცალი თოფი, თუ ჯაყვა-დანა? განსაკუთრებული წმინდანი ან განსაკუთრებული მადლი იცავს ამ ქვეყანას, საერთოდ რომ არ ვიფიქროთ თავდაცვაზე?

„თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტი არის გასაზრდელი, რომ დაცულად ვგრძნობდეთ თავს და არ ვიყოთ რაღაც მორღვეული ღობე.

რამაც გამაცოფა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვკითხე, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის სამინისტროს უზრდიდე და 2-ჯერ მეტ ფულს აძლევდე, ვიდრე თავდაცვას-თქო? მითხრა, ჩვენ აღორძინების ბიუჯეტი გვაქვს და არა სამხედრო მდგომარეობისო.

მე ვიგონებ რამეს თუ აღარ ვიყურებით გარშემო, რა ხდება.

გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ და მთავრობის არხეინობა, ვითომ ისლანდია ვართ ან ახალი ზელანდია, რომელსაც საერთოდ არ უომია.

არადა, საოცრად მღელვარე რეგიონში ვცხოვრობთ, ოკუპანტის ჯარია აგერ შემოსული და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

„შემზარავი ამბავია, ამ დროს ერთი სული გაქვს ვიღაცისკენ ხელი გაიშვირო, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი“ – ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები