მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება.
როგორც ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 10:00 ზე გახდება ცნობილი.
„გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 სთ- ზე გამოცხადდება განაჩენი!“,-წერს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე.
გამარჯობა და გამარჯვება ყველას! 🌞❤✊ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!⚖ დასწრება შესაძლებელია! საჯაროა!
Posted by Tamta Kalandadze on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2024
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.