გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ავრცელებს. პროკურატურაში განმარტავენ, ეს ფაქტი ცნობილია ბაჩანა შენგელაიასთვისაც.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე, 30-მდე მოწმეა გამოკითხული.
“გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება.
ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით.
ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.