გრიპის ვირუსის შემთხვევები ამ ეტაპზე, ფონურ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა და პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი უკვე 100 ათას მოსახლეზე 100 იყო. მისივე თქმით, მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შემცირდა.
„დეკემბერში 41 პროცენტი გვქონდა, ახლა კი 19-20 პროცენტის ფარგლებშია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული, მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს.
„გრიპის ვირუსის პიკი, საქართველოში დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია“ (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.