დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
ეროვნული ბანკის ცნობით, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
“აღსანიშნავია, რომ განახლებულმა ლარმა პირველი საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. 2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში HSP™ Europe-ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ–ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში “2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტების სერია” ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა”, – განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს განახლდება მოგვიანებით.
დღესვე ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიას კიდევ ერთი სიახლის შესახებ აცნობა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს.
“როგორც ცნობილია, 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო მიწვეულია პირველ საპატიო სტუმრად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ამ ღონისძიებას და საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კულტურისა და ქვეყნის პოპულარიზაციას. მონეტის დიზაინზე გამოცხადდება კონკურსი და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება”, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.