2018 წელს ,,ჯორჯიან ეარვეისს’’საავიაციო ბაზარზე არსებობის 25 წელი შეუსრულდა.აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ავიაკომპანია 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ,,ბიოლის’’ სადღესასწაულო დარბაზში საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორი, გივი დავითაშვილი, ავიაკომპანიის 25 წლიან საქმიანობას შეაჯამებს.
ავიაკომპანიის საიუბილეო საღამოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები დაესწრებიან. სპეციალურად ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ 25 წლის იუბილესთვის საქართველოში ,,Embraer’’-ის, ,,Lufthansa Technik’’-ის, ,,Boeing’’-ის, ,,Airbus’’-ის, ,,IATA’’-ს, ,,Air Lease Corporation’’-ის, ,,Nordic Aviation Capital’’-ის, ,,SMBC Aviation Capital’’-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ.
,,ჯორჯიან ეარვეისმა’’ შექმნა ქართული ავიაციის ისტორია. პირველი ქართული ავიაკომპანია წლების მანძილზე ერთგვარი პირველი ელჩი იყო დამოუკიდებელი საქართველოსათვის და ამკვიდრებდა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელს მთელს მსოფლიოში. მრავალი სირთულის მიუხედავად, ავიაკომპანია წარმატებული ბიზნესისტორიის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და განაგრძობს წინსვლას განახლებული ავიაპარკით, ახალი მიმართულებებით, გაუმჯობესებული სერვისით,’’ – აცხადებს ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორი, გივი დავითაშვილი.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია 1993 წელს დაარსდა სახელწოდებით ,,აირზენა’’. თავდაპირველად ასრულდება მხოლოდ ჩარტერულ ფრენებს. 1999 წელს ,,აირზენა” გახდა საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია. 2004 წელს, ავიაკომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა, ,,აირზენამ’’ ოპერირება ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ სახელწოდებით განაგრძო. დღესდღეობით, ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს 18 მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ახორციელებს. ამავდროულად, რეგიონში ლიდერი ჩარტერული ფრენების ოპერატორია (250-ზე მეტი ჩარტერული ფრენა წლის განმავლობაში). ავიაკომპანიას საქართველოს საავიაციო ბაზრის 14% უჭირავს + 1/2% წლიური ზრდით. ამჟამად, „ჯორჯიან ეარვეისის’’ ავიაპარკს სამი Boeing 737-700/800, სამი Embraer 190 და ერთი Embraer 195, ერთი CRJ შეადგენს.