LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „არავითარი პანიკის და სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება, ეს იყო ცრუ განგაში“

214
გიორგი ამილახვარი

„ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იყო ცრუ განგაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

სუს-ი სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს: მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები – რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

გიორგი ამილახვარის თქმით, „შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ, თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო მიზნები და ამოცანები“.

„გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ტიპის ინფორმაცია ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ“ არხზე. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში, როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ყველა დასახელებულ სკოლაში, რომელიც მითითებული იყო ამა თუ იმ განცხადებაში, შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობდა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტად აგრძელებდნენ ამის გადამოწმებას და არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ამ ინფორმაციაში.

ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, სწრაფად მიგვეწოდებინა სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია. არავითარი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო უბრალოდ ცრუ განგაში. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები უკვე იძიებენ თუ ვინ დგას ამის უკან და რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზნები და ამოცანები“, – თქვა განათლების მინისტრმა.

ცნობისთვის, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g