LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განცხადებები, რომ ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, არის საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი – ლევან იზორია

100
izoria-3-770x433

განცხადებები, რომ ჯარში სისტემური პრობლემებია, ღიმილის მომგვრელია სწორედ მათთვის, ვინც აქ მსახურებდა და იციან, რა პრობლემები არსებობდა ჯარში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს სამხედრო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან და აღნიშნა, რომ ეს კრიტიკა დაუმსახურებელია.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ინციდენტი მოხდა წვევამდელებს შორის, ხოლო დაზარალებულს, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, არც ერთ მაკონტროლებელ ორგანოსთან არ უთქვამს, რამ გამოიწვია დაზიანებები.

„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. მათ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და აღიარებული.

ეს არ არის მათი ან ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ეს გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც დადასტურდა.

განცხადებები, თითქოსდა ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება არის თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი. როდესაც გვესმის განცხადებები, რომ სისტემური ხასიათი მიიღო ასეთი ტიპის დანაშაულებებმა, არის ღიმისლისმომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იცის რა პრობლემები იყო აქ. ერთეულ შემთხვევებზე რომელიც ყველაგან ხდება, ისეთი განცხადებების გაკეთება თითქოსდა ეს არის სისტემური ხასიათის, არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შეურაცხყოფა“, – განაცხადა იზორიამ.

სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

magti 5g