LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განგრეულ კაიფშია“ პირი, საჭესთან ზის, თქვენ გიჩნდებათ კითხვები, რატომ ისჯება – ნათია მეზვრიშვილი

237

„განგრეულ კაიფშია“ პირი, საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით?! – ასე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დებატები გაიმართა.

ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის გადაუდებელ საჭიროებაზე ისაუბრა, მათ შორის ავტომანქანის მართვისას პირის მიერ მარიხუანის მოხმარების მკაცრად აკრძალვაზეც.

„რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ხარისხს და მის განსხვავებას ალკოჰოლის ზემოქმედების ხარისხისგან – მე არ ვამტკიცებ, ამას ამბობენ ექსპერტები, მათ შორის ის ექსპერტები, რომლებიც გამოიკითხნენ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იძლეოდნენ ჩვენებებს და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. დარწმუნებული ვარ, ყველა სხდომას ესწრებოდით, რომ საშიშროების ხარისხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლური საშუალება ერთმანეთისგან განსხვავდება.

სასამართლომაც დაგვრთო ნება და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ჩვენ მარიხუანა მივიჩნიოთ ნარკოტიკულ საშუალებად და მასთან დაკავშირებით შედარებით მკაცრი რეგულაციები დავაწესოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი არ არის პრივატულ სივრცეზე, სადაც მოხმარება საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არსებობს გარკვეული ლეგიტიმური მიზნები რა მიზნითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გარკვეულ ადგილებში, გარკვეულ სივრცეში, გარკვეული პირების მიერ, შეიძლება აიკრძალოს. ყველაფერი ხომ შედარებითია? გუშინ მარიხუანას მოხმარება ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და დღეს თქვენ არ გინდათ ის, რომ ასეთი საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი, როდესაც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, დავსაჯოთ.

აი ამ პირობებში, რომ ნულია სტატისტიკა, ჩავთვალოთ, რომ არ გადაგვიმოწმებია, რატომ უნდა არსებობდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული საშუალების, თუნდაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, კლინიკურ ზემოქმედებაზეა საუბარი, იმაზე არ ვსაუბრობ 3 დღის წინ რომ მოიხმარა და დღეს რომ საჭესთან დაჯდა. 2 საათის წინ რომ მოიხმარა და უკაცრავად, ჟარგონი უნდა გამოვიყენო „განგრეულ კაიფშია“ პირი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, იმიტომ რომ სხვა შესატყვისს ვერ ვფიქრობ უბრალოდ, რომ სიტუაცია მთელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ, ესეთი პირი, რომ საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, შს მინისტრის მოადგილე აღიარებს, რომ გადამოწმების მექანიზმები, რაც დღეს გვაქვს არაჰუმანურია, რომ ყოფილა ამ მეთოდების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ სანამ სამინიტრო ჰუმანურ გზებს გამონახავს, მანამდე, ნარკოტიკებზე შემოწმება კვლავ საექსპერტო დაწესებულებებში მოხდება, რადგან მათ კანონი ამის უფლებას აძლევს.

„სამინისტრომ მონახა რაღაც გზა იმისთვის, რომ ეს მეთოდი გახდეს უფრო ჰუმანური. არ ვაპირებთ, რომ მძღოლები, ისევ ჟარგონს გამოვიყენებ, „ვათრიოთ“ საექსპერტო დაწესებულებებში, შევაფერხოთ მოძრაობა, მანქანები ადგილზე დავაყრევინოთ და ა.შ. , თუმცა ამის შესაძლებლობას დღეს არსებული კანონმდებლობა იძლევა, მანამ სანამ არ გვექნება აღსრულების უფრო ჰუმანური მექანიზმები.

ახლა, მარტივი მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ, დღეს არსებული რეგულაცია როგორია. წარმოიდგინეთ, რომ პირი ზის, სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ალკოტესტზე გადავამოწმეთ და არ აღმოჩნდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

ვიზუალური დათვალიერებით ეტყობა ადამიანს, რომ ფხიზელი არ არის. სანამ ტესტი გვექნება, დიახ, მოვკიდებთ ხელს, გადავიყვანთ და შევამოწმებთ შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, ანუ გამოვიყენებთ არსებულ მექანიზმს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნახეთ ამავე თემაზე “ფორტუნას” თემა:

როგორ უნდა დადგინდეს როდის მოიხმარა მძღოლმა მარიხუანა? – ნარკოლოგები ამბობენ, რომ მარტივი ტესტები არ არსებობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები