პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტს პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმების წინადადებით მიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი ხელწერა საქმეზე ფოკუსირება და ხალხის საკეთილდღეოდ საკანონმდებლო წინადადების წარდგენაა.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა პედოფილიას ეხება. გამოცემა „ნეტგაზეთს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგი სტატია ჰქონდა, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით.
29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.
მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში, პროკურატურას უჩნდება აზრი, გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და პედოფილი ქუჩაში დატოვოს.
5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა, საპროცესო შეთანხმება მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში.
სასჯელის ზომაც, ამ მიმართულებით, ძალიან დაბალია. რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ, კორუფციასთან ან სხვა რამესთან.
შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას.“ – განაცხადა ანა დოლიძემ.