TripAdvisor-მა საერთაშორისო პრემიის Travellers’ Choice Awards 2025-ის ფარგლებში მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. შეფასების მიხედვით, 2025 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქად ლონდონი დასახელდა. სრული სია ონლაინ პლატფორმის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რეიტინგი შედგა ტურისტების შეფასებებისა და გამოხმაურებების საფუძველზე, რომლებიც TripAdvisor-ზე მთელი წლის განმავლობაში გროვდებოდა. მოგზაურების აზრით, ბრიტანეთის დედაქალაქი გამოირჩევა გასართობი, კულტურული და ისტორიული შესაძლებლობების მრავალფეროვნებით, რაც მას სხვადასხვა ინტერესის მქონე ვიზიტორებისთვის მიმზიდველ დანიშნულებად აქცევს.

მეორე ადგილზე მოხვდა ინდონეზიის კუნძული ბალი, რომელიც ტურისტების შეფასებით „ცოცხალ საფოსტო ბარათს“ ჰგავს – ბუნების სილამაზის, ტრადიციებისა და დასვენებისთვის იდეალური გარემოს წყალობით. სამეულს კი დუბაი ასრულებს, ქალაქი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და ტექნოლოგიები ისტორიულ მემკვიდრეობას ერწყმის.

2025 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ათეულში ასევე მოხვდნენ:
- სიცილია (იტალია)
- პარიზი (საფრანგეთი)
- რომი (იტალია)
- ჰანოი (ვიეტნამი)
- მარაკეში (მაროკო)
- კრეტა (საბერძნეთი)
- ბანგკოკი (ტაილანდი)
TripAdvisor-ის წარმომადგენლების განცხადებით, Travellers’ Choice Awards იმ ადგილებს ენიჭება, რომლებმაც რეალური მოგზაურებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები და პოზიტიური გამოცდილება დაიმსახურეს, რაც რეიტინგს განსაკუთრებულ სანდოობას ანიჭებს.
