”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში”. – ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს, როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე და რომ სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია.
”2019 წლის 20 ივნისს ასამბლეის სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში იმართება. შეთანხმებული და დარიგებული დღის წესრიგის მიხედვით სხდომა მიყავს ასამბლეის ბერძენ თანათავმჯდომარეს, თუმცა მის გვერდით ადგილს თვითნებურად სერგეი გავრილოვი იკავებს და იწყებს სხდომის წაყვანას. ფაქტს მოყვა პოლიტიკოსების და მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც იმავე ღამით პარლამენტში შეჭრის მცდელობაში და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის ორგანიზებაში სხვა პირებთან ერთად ბრალი წარედგინა ნიკანორ მელიას. 2020 წლის ნოემბერი – მელია არღვევს აღკვეთის ღონისძიების პირობებს, რისთვისაც მას 40 000 ლარით ეზრდება უკვე გადახდილი გირაოს ოდენობა. 2021 წლის თებერვალი – მელია უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა მისი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. 2021 წლის 13 თებერვლიდან – ოპოზიციის დიდი ნაწილის ინტერვიუებში ჩნდება ტერმინი პოლიტიკური დევნილი, გავრილოვის პატიმარი და ა.შ. 2021 წლის 15 თებერვალი – ”ნაციონალური მოძრაობის” 2 ტელევიზია თითქმის ერთდროულად უკავშირდება სერგეი გავრილოვს და მისი მოსაზრებით ინტერესდებიან. გავრილოვი მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციას და ნიკა მელიას.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს ომის დაწყება დააბრალა.
”დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე საქართველოს ომის დაწყება დააბრალა. სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია. პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება ”ნაციონალურ მოძრაობას” და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ”ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ”ნაცმოძრაობის” ანტირუსული რიტორიკა ყალბია. მათი პროდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე. ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან. ე.წ. ”გაყალბებული არჩევნების” ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ”ნაცები” დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ. გავრილოვი – მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა და 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება. ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს”. – განაცხადა მდინარაძემ.