პირველად საქართველოში, მევენახეებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი მოსავალი ონლაინ გაყიდონ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ონლაინ პლატფორმა „ყურძნის ბირჟა“.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, „ყურძნის ბირჟა“ – ონლაინ პლატფორმაა, სადაც მევენახეებს შეუძლიათ განაცხადონ ყურძნის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობის, ხარისხის, სასურველი გასაყიდი ფასისა და სხვა პირობების შესახებ. ამავე პლატფორმაზე მეღვინეებსა და ყურძნის შემსყიდველებსაც შეუძლიათ გააკეთონ განაცხადები სასურველი შესყიდვების თაობაზე.
„პლატფორმა პირველ რიგში მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო მევენახეებს მოიძიონ სასურველი მყიდველი, დააბინავონ მოსავალი. ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა საფუძველს ჩაუყრის ბაზარზე ყურძნის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებას“, – აცხადებენ იდეის ავტორები.
როგორ მუშაობს პლატფორმა?
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მარტივი ფორმით ყურძნის ბირჟის პლატფორმაზე როგორც
– გამყიდველი (მევენახე),-მყიდველი (ჩამბარებლები, ღვინის ქარხნები, კერძო შემსყიდველები),
– ან ორივე ერთად (თრეიდერები).
გაყიდვის განცხადება შეიცავს ძირითად ინფორმაციას ყურძნის ჯიშის, ხარისხის, რაოდენობის, სასურველი ფასის, რთველის მოსალოდნელი თარიღის და სხვა პირობების შესახებ. ყიდვის განყოფილებაში განთავსდება მოთხოვნები სასურველი ჯიშის ყურძნის შესყიდვის რაოდენობა, ფასსა და სხვა პარამეტრებზე.
აღსანიშნავია, რომ ყურძნის ბირჟაზე დარეგისტრირება სრულიად უფასოა. ამ დროისთის საიტზე უკვე 100-ზე მეტი მევენახეა დარეგისტრირებული.