LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზზე მომუშავე ავტომობილების 99% გაუმართავია – სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას

317

აირბალონებზე მომუშავე ავტომობილებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ საკუთარ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული გაზის ბალონების ვარგისიანობის შესამოწმებლად. აირბალონების შემოწმება გასულ წელს დაიწყო და ავტომობილის ასაკის მიხედვით, 2019 წლის 1 ივნისს დასრულდება.

17 და მეტი წლის მანქანებს ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა გაევლოთ. 14 – 16 წლის ავტომობილები 2018 წლის 1 ივლისამდე უნდა შემოწმებულიყო. 11 – 13 წლის ავტომობილებზე 2019 წლის 1 იანვარია განსაზღვრული, ხოლო ყველაზე ახალი, 1 – 10 წლის ავტომანქანებისთვის ტექდათვალიერების საბოლოო ვადა 2019 წლის 1 ივლისია.

იმისთვის, რომ ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიაროს, რამდენიმე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. ბალონის დამტენი უნდა იყოს საბარგულის გარეთ. 2. ბალონის მილები უნდა იყოს სპეციალურ მილში ჩასმული, რათა გაჟონვის შემთხვევაში, გაზი ავტომანქანაში არ დაგროვდეს. 3. სალტეების სიგრძე, რითაც ბალონია დამაგრებული, არანაკლებ მილიმეტრ ნახევარი უნდა იყოს, ხოლო სიგანე – 4 სმ. 4. აუცილებელია ცეცხლმაქრი საშუალების ქონა.

შპს „აირბალონი“ ქვეყნის მასშტაბით აკრედიტებული 12 ცენტრიდან ერთ-ერთია, რომელიც გაზზე მომუშავე მანქანების უსაფრთხოებას ამოწმებს და შესაბამის საბუთსაც იძლევა.

როგორც „ფორტუნას“ შპს „აირბალონის“ ტექნიკურმა მენეჯერმა გიორგი ხვედელიძემ განუცხადა, მის ცენტრში ყოველდღიურდ 5-6 მანქანა გადის შემოწმებას, თუმცა შემოწმებული ავტომობილებიდან თითქმის არცერთი არ იყო სრულად გამართული.

„დაზიანებულია თითქმის ყველა ავტომობილი. არცერთი არაა სტანდარტის მიხედვით აწყობილი. ხდება მისი გადაკეთება და სტანდარტებში მოყვანა. ჩვენთან რა მანქანებიც მოსულა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე რომ ყოფილიყო სტანდარტების მიხედვით აწყობილი და ვცდილობთ, რომ სტანდარტების დავუქვემდებაროთ. წელიწადზე მეტია, რაც დაწყებულია ეს პროცესი და 3500-მდე ინსპექტირებული ავტომობილი გვყავს. თითქმის 99% იყო გაუმართავი, ადგილზევე ესაჭიროებოდა გადაკეთება. ჩვენ რომ არ მოგვყევანა ადგილზე მწყობრში, ისე ვერცერთი მათგანი გაივლიდა ინსპქტირებას. უკანაც გაგვიბრუნებია ისეთი ავტომობილები, რომელთაც ძველი გაზის ბალონი ჰქონდათ დამონტაჟებული,“ – აღნიშნა გიორგი ხვედელიძემ.

როგორც მან განამარტა, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს ყველაფერი წესრიგში აქვს საბუთის აღება 130 ლარი ღირს, უარეს შემთხვევაში კი ეს ფასი 255 ლარამდეც შეიძლება გაიზარდოს.

მერაბმა (სახელი შეცვლილია) საკუთარი გაზზე მომუშავე ავტომობილის შემოწმება ტექდათვალიერების დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით ავტომობილის გაყიდვა მოუწიდა. დღეს კი, ახლად შეძენილი ავტომობილის შემოწმებას არ გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ტყუიალად გადახდილი ფულია.

„6 თვე მქონდა ის მანქანა, რაც შევამოწმებინე, ტყუილად გადავყარე 250 ლარი. არავის გავუჩერებივარ და უკითხავს შემოწმებული მქონდა თუ არა. არც დღეს გავუჩერებივარ შეუმოწმებელი ავტომობილით რომ გადავაადგილდები. ამიტომ, არ ვაპირებ ტყუილად გადავყარო ფული, სანამ ვინმე არ გამაჩარებეს, იქამდე არც ვაპირებ შევამოწმებინო ავტომობილი. ისედაც ვიცი, რომ „ბომბი“ მაქვს მანქანაში,“ – განუცხადა მერაბმა „ფორტუნას“.

მოქალაქეების მსგავსად, საგზაო საკითხებში ექსპერტები ამ რეფორმის ხარვეზებს მის აღსრულებაში ხედავენ. როგორც “ფორტუნას“ დავით მესხიშვილმა განუცხადა, მთელი ეს რეფორმა არის არასწორად და ცუდად დაგეგმილი. არ ჰყავს მენეჯერი, პროცესზე არ არის პასუხისმგებელი არავინ.

„ეს გარაჟები არასაკმარისია. საზოგადოება და მძღოლების ინფორმირებულობა, კანონის არადამაკმაყოფილებელი აღსრულება და რა რეფორმაა, გაუგებარია. არის მთავრობის დადგენილება, სადაც ჩაყრილია ეს ინფორმაცია, რომლის გააზრებაც შეუძლებელია. ახლა ეს რაც გვაქვს, სინამდვილეში არაფერი გვაქვს. კანონის აღსრულება არის ნული. ჩვენ გავიარეთ ეს შემოწმება თუ არა, ამაზე არავინ გვთხოვს პასუხს. თუ არის კანონის აღსრულება, სერვისის ხარისხიც იზრდება, მაგრამ თუ კანონის აღსრულება არ არის, მაშინ სერვისის ხარისხი სავარაუდოდ, არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩავარდნილია,“ – აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

კანონის აღსრულებაში ხედავს პრობლემას კიდევ ერთი საგზაო საკითხების ექსპერტი დემურ აფციაური. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ამ რეფორმის აღსრულება და კონტროლი არ ხდება და ყველაფერი მოქალაქეობრივ შეგნებაზეა დამოკიდებული.

აირბალონი თუ კომპოზიტური მასალისგან არის, მაშინ ის სამ წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუ ფოლადისგან დამზადებულია, მაშინ ხუთ წელიწადში ერთხელ.

დღეს ქვეყნის მასშტაბით სულ 12 ცენტრი მუშაობას. აირბალონების ვარგისიანობას ქუთაისში 2, რუსთავში 2, თბილისში 4, გორში, ქობულეთში, ბათუმსა და საგარეჯოში კი თითო-თითო ცენტრები ამოწმებენ.

სულ რამდენი ავტომობილი მუშაობს საქართველოში ავტოგაზზე, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. არაოფიციალური მონაცემებით, ასეთი დაახლოებით 200 000 მანქანაა.

ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სულ ტექინსპექტირება გაიარა გაზზე მომუშავე 1,634 ავტო სატრანსპორტო საშუალებამ , აქედან 1,178 (72%) არის ვარგისი და 456 (28%) არის ისეთი, რომელიც აღმოჩნდა გაუმართავი და შესაბამისად, ტექინსპექტირება ვერ გაიარა.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები