LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გდდ-ის თანამშრომელი აქციებზე დაკავებული 11 პირის პროცესზე: „ბრალდებულებს არ ვიცნობ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი, ვერავის დავინახავდი, სიბნელე იყო“

114
სასამართლო პროცესი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დღევანდელ სასამართლო პროცესზე გდდ-ის თანამშრომელი, ნუგზარ მირიანაშვილი გამოიკითხა.

როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კონკრეტულად ვისგან მიიღო დაზიანება არ დაუნახავს, რადგან იმ პერიოდში ტერიტორიაზე ბნელოდა.

„ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი. თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ, რა თქმა უნდა.

ვერავის ვერ დავინახავდი, იყო სიბნელე, იყო ლაზერების მონათება, სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები, მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთია აირწინაღი, მხედველობის არე შეზღუდულია, ნაკლები განათება იყო და ყოველი ფოიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასი“, – თქვა მოწმემ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g