ელა ბაბლუანი საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა და „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემას ესტუმრა. „13“-ის რეჟისორს დიდად არ უყვარს პრესასთან ურთიერთობა, მაგრამ გადაცემისთვის „სტუმრად გიგასთან“ გამონაკლისი დაუშვა.
წამყვანის შეკითხვაზე, თავს ფრანგ რეჟისორად მიიჩნევს, თუ ქართველად, გელა ბაბლუანმა უპასუხა:
„სანამ „13“ გამოვიდოდა, ვიყავი ქართველი რეჟისორი, მერე გავხდი ფრანგი რეჟისორი ქართული წარმოშობით, შემდეგ კი, შიგადაშიგ მინახავს, რომ მომიხსენიებენ, როგორც ფრანგ რეჟისორს. ვცდილობ, რომ ეს გავასწორო და ვთქვა, რომ მე ქართველი რეჟისორი ვარ. საფრანგეთი ძალიან მიყვარს, ამდენი ხანია, იქ მიცხოვრია, მაგრამ ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი თავს. ჩემთვის ქართველობა ძალიან მნიშვნელოვანია… ქართველ-სვანი რეჟისორი ვარ…“
გელამ ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა.
„პრესასთან ურთიერთობა მიყვარს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. 9 წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. ჩამოვედი, მცირე საქმე მქონდა, ფილმის პატარა ნაწილის გადასაღებად და საქმიდან გამომდინარე ვარ თქვენს ეთერში მოსული. პირად ცხოვრებაზე და ჩემს ინტიმურზე ჟურნალისტებთან საუბარი არ მიყვარს.
ჩემი ერთი დღე არის სრულიად ჩვეულებრივი. ვვარჯიშობ, ვცხოვრობ ჯანმრთელი ცხოვრებით, თუმცა ერთია, რომ სიგარეტი მიყვარს. მყავს შვილი, მაქვს ჩემი საქმე. ჩემი შვილი, გიორგი, ცხოვრობს ამერიკაში. მეუღლე არ მყავს. ჩემი შვილის დედასთან მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა, მერე გაჩნდა გიორგი. მგონი, კარგი მამა ვარ. რაც შემიძლია, ჩემი შვილისთვის, ვაკეთებ, თავგამოდებული ვარ. 28 დღეს არ გადამიცილებია, რომ არ მენახა. ჩამომყავს საფრანგეთში. ამ ზაფხულს საქართველოშიც მყავდა და ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად“.
კითხვაზე, იცის თუ არა, რომ ქართველი მანდილოსნები მასა და მის ძმაზე გიჟდებიან, გელას ძალიან გაეცინა. ის სოციალურ ქსელშიც არ აქტიურობს. უცნობებს არ იმეგობრებს და არც გამოხმაურებებს კითხულობს.
რეჟისორმა პროფესიულ საქმიანობაზე საკმაოდ ენაწყლიანად ისაუბრა, მათ შორის ახალ ფილმზე, რომელსაც საფრანგეთში იღებს. გაისად, წლის ბოლოსკენ, შედგება მისი პრემიერა.