LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-ი ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროენერგიის გაყიდვას სთავაზობს

107
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ამერიკულმა ავტო კონცერნმა General Motors-მა განაცხადა, რომ საკუთარი ენერგეტიკული ეკოსისტემის შესაძლებლობებს აფართოებს. პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ ელექტრომობილების მფლობელები შეძლებენ ავტომობილის ელემენტში დაგროვილი ელექტროენერგია საერთო ელექტროსისტემაში დააბრუნონ და ამის სანაცვლოდ შემოსავალი მიიღონ.

ახალი სისტემის ფარგლებში ავტომობილების მფლობელები ელექტროენერგიის სიჭარბეს ენერგოკომპანიებს პიკური დატვირთვის საათებში მიჰყიდიან. თითოეული ტრანზაქციიდან გარკვეულ საკომისიოს თავად General Motors-იც მიიღებს.

კომპანიის ენერგეტიკული განყოფილება, GM Energy, ამ ეტაპზე დაახლოებით ათ ენერგომომწოდებელ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. პრობლემა ისაა, რომ დღეს მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ელექტროენერგია ავტომობილებიდან პირდაპირ მიიღოს.

ენერგოკომპანიები ინიციატივას ფრთხილად ეკიდებიან. სპეციალისტების თქმით, პროექტის მასშტაბურად დანერგვა დამატებით ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და შესაბამისი ქსელის განვითარებას მოითხოვს. ამასთან, ამჟამად General Motors-ის ენერგეტიკული სისტემებით მხოლოდ რამდენიმე ათასი მომხმარებელი სარგებლობს.

პროექტის სრულფასოვანი კომერციული გაშვება უახლოეს თვეებში იგეგმება. პირველ ეტაპზე სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის ორ შტატში – კალიფორნიასა და ტეხასში.

ექსპერტების შეფასებით, თუ ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდება, ელექტრომობილები მომავალში არა მხოლოდ ტრანსპორტის, არამედ ენერგიის დაგროვებისა და ელექტროსისტემის სტაბილიზაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტადაც შეიძლება იქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები