გერმანიაში ამუშავდა „ბიო – პოლიცია“, რომელიც მოქალაქეების მიერ ნარჩენების სწორად დახარისხებას გააკონტროლებს; განსაკუთრებით ბიო-ნარჩენების კონტეინერებში. ინიციატივაში მონაწილეობს ნარჩენების გატანის 100-ზე მეტი კომპანია, ხოლო პროცესში ხელოვნური ინტელექტიც იქნება ჩართული, წერს Brussels signal-ი.
მიზეზი ახალი ეკოლოგიური რეგულაციაა, რომელიც ძალაში მომავალ წელს შევა: ბიო-ნარჩენებში უცხო დანამატების წილი არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს, ხოლო პლასტმასის – მაქსიმუმ 1%-ს.
გერმანიაში ნარჩენების დახარისხების მკაცრი წესები უკვე მოქმედებს: მაგალითად, მინის ბოთლები სხვადასხვა ფერის მიხედვით იყრება – თეთრი ერთ კონტეინერში, მწვანე მეორეში, ყავისფერი მესამეში. ბიო-ნარჩენებში შეიძლება მოხვდეს ჩაი, მაგრამ არა ჩაის პაკეტი; გარდა ამისა, ბიო-ნარჩენები უნდა ჩაიყაროს ბიო-დეგრადირებად პარკში და არა ჩვეულებრივში.
ახალი ცვლილებები შედის ორგანული ნარჩენების შესახებ რეგლამენტში, რომელიც ძალაში ოთხ თვეში შევა. კომპანიების თქმით, წესების დარღვევა განსაკუთრებით ხშირია მრავალბინიან სახლებში, სადაც მოსახლეობა ნაგავს ხშირად არასწორად ახარისხებს.
შემოწმებებს ნარჩენების გატანის თანამშრომლები ჩაატარებენ. დარღვევის შემთხვევაში კონტეინერი შესაძლოა საერთოდ არ გაიტანონ. ზოგიერთ რეგიონში წესების დამრღვევებს დაეკისრებათ დამატებითი გადასახადი – მაგალითად, ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონში ასეთი გადასახადი ერთ კონტეინერზე 84 ევროს შეადგენს. განმეორებითი დარღვევებისას შესაძლოა ადმინისტრაციული საქმის წარმოებაც დაიწყოს.
გერმანიის რამდენიმე მიწა გეგმავს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, რათა ბიო-ნარჩენების კონტეინერების მონიტორინგით გამოავლინოს ის მოქალაქეები, ვინც წესებს არღვევს.
ბავარიაში კიდევ უფრო მკაცრი მიდგომაა – იქ კონტეინერებს ციფრულ საკეტებს დაუყენებენ. თუ ბიო-ნარჩენებში აღმოაჩენენ არაბიოლოგიურ ნარჩენს, კონტეინერი დაიბლოკება და მისი გახსნა მხოლოდ 25 ევროს გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი.