LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის გართობა დასრულებულია“ – რა შეიცვალა „რუსთავი 2“-ის უქმეების დილის გადაცემის წამყვანებისთვის

2002
dilisgadacemarustavi2

„რუსთავი 2“-ის უქმეების დილის გადაცემა ეთერში დაბრუნებას უფრო პომპეზურად აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა, იძლებული გახდნენ, მოკრძალებულად აღენიშნათ მორიგი სეზონის დაწყება.

ამის მიუხედავად, შაბათ-კვირის დილის გადაცემას ამ არხზე საკმაოდ დიდი გეგმები აქვს, რომელთა შესახებ მისი წამყვანები ექსკლუზიურად გვესაუბრნენ.

ნუკა ორჯონიკიძე:

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჩვენი განწყობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ეთერში დაბრუნებას ახალ სეზონზე პომპეზურად ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ის, რაც ყველამ კარგად იცის, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა კორონავირუსი, ამიტომაც მოგვიწია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა, დისტანციურად გვიწევდა სტუმრების ჩართვა, რადგან არ ვიცოდით, ვიყავით თუ არა დაინფიცირებულები, ტესტირება უკვე გაკეთებული იყო, თუმცა პასუხები არ ვიცოდით… პირველ ეთერში მაინც ძალიან მხიარულები, ენერგიულები ვიყავით. ჩვენს მაყურებელს არ უნდა გადასდებოდა შიში და პანიკა. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა და მოვახერხეთ.

რით განსხვავდება უქმეების დილა ჩვეულებრივი დილის გადაცემისგან?

მიჭირს განსხვავების დასახელება, რადგან ვფიქრობ, ორივე დილა მხიარული და განსხვავებულია სხვა არხის დილის პროგრამებისგან.

მე ვიტყვი იმ სიახლეების შესახებ, რასაც ახალ სეზონზე შემოგთავაზებთ და თავად მაყურებელმა გადაწყვიტოს, რა განსხვავებას იპოვის.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დაგვემატება ქოუჩის რუბრიკა. ის იზრუნებს ჩვენი და ჩვენი მაყურებლის მოტივაციის ამაღლებაზე, დაგვეხმარება თვითგამორკვევაში და გვასწავლის, როგორ უნდა დავისახოთ ცხოვრებისული მიზნები და როგორ განვახორციელოთ.

აქამდე სამზარეულოში კონდიტერი გვყავდა, ახლა დაგვემატება მზარეულიც, რომ ჩვენმა სამზარეულომ მაყურებელს მხოლოდ ტკბილეულის რეცეპტები არ შემოგვთავაზოს. რამდენიმე მზარეული იქნება ჩვენი თანაწამყვანი ერთი თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც მანამდე რეპორტაჟებს ამზადებდნენ, ახლა ეთერშიც შემოვლენ და თავიანთ სიუჟეტებს თავადვე წარადგენენ.

ნინი კუპრაძე და მარიამ მაისურაძე ინტერნეტსიახლეებს შემოგვთავაზებიან და მოგვიყვებიან საინტერესო ამბებს ამ სივრციდან.

შაბათ-კვირას დილას ადრე ადგომა, ალბათ, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. როგორ შეეგუე თოქშოუს წამყვანობის შემდეგ დილის გადაცემის წაყვანას?

ბოლო ერთი წელია, ჩემთვის შაბათ-კვირის გართობა არ არსებობს. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების რეჟიმი აბსოლუტურად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ღამის გართობა ჩემთვის დასრულდა, მაინც ბედნიერი ვარ აქ მუშაობით, პირდაპირი ეთერი არის ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და უდიდეს ენერგიას მაძლევს.

მაკო კვიტაიშვილი:

დილის გადაცემაში მუშაობამ ჩემთვის ზოგადად, ძალიან ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში, ცხოვრების სტილი და რეჟიმი. ძალიან მომწონს ეს რეჟიმი იმის მიუხედავად, რომ მაქვს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი. მას თან სდევს საინტერესო ადამიანების გაცნობა, კარგი თემების მოძიება გადაცემისთვის და რაც მთავარია, კარგ გუნდთან ერთად მუშაობა. სხვა გადაცემაშიც ვმუშაობდი და დილა მაინც ძალიან განსხვავებულია. კარგი ამბების გაშუქება მიწევს, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლი იმ ამბავს, რაც ბოლო დროს შეგვემთხვა ვირუსის გამო.

საკუთარ თავს დილის წამყვანად მივიჩნევ და ვფიქრობ, დიდხანს იქნება ასე. ძალიან შემაყვარა ეს პროფესია, რისგანაც ყოველთვის შორს ვიყავი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წამყვანი გავხდებოდი. მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი სწორედ ამ გადაცემაში ვიპოვე. მინდა, ჩვენი გადაცემა იყოს საუკეთესო და ვცდილობთ, განვვითარდეთ, მაყურებელს სიახლეები განსხვავებულად შევთავაზოთ.

ახალ სეზონზე მაყურებელს ვპირდებით ბევრ სიახლეს, თუკი რა თქმა უნდა, მოგვეცემა პანდემიის დროს ამის საშუალება. ძალიან ბევრი ახალი სახე შემოგვემატა, რაც ძალიან მახარებს.

დედა, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე თუ გაძლევს პროფესიულ შენიშვნებს?

სხვათა შორის, ეკა არის ჩემი ერთგული მაყურებელი და არის ძალიან კრიტიკული. ეკა ჩემთვის პროფესიონალია და არა მხოლოდ მისგან,ა რამედ მაყურებლისგანაც მივიღებ შენიშვნებს. ახლა ვეცნობი ამ პროფესიას და აქედან გამომდინარე, არ მწყინს, როცა ვინმე მითითებას მაძლევს. შენიშვნები კარგია, რადგან ბევრ რამეს სწავლობ. დედჩემისგან მით უმეტეს, არ მწყინს. ძალიან ხშირად არ მეუბნება შენიშვნებს, კარგსაც მეუბნება. მინდა, რომ კარგ წამყვანად ჩამოვყალიბდე და მიხარია, რომ ეს მოხდება უქმეების დილაში.

სანდრო სანაია:

ჩემთვის დილის გადაცემაში ეს მეოთხე სეზონია. მას შემდეგ, რაც არხი ახალმა მენეჯმენტმა ჩაიბარა და გუნდი გადახალისდა, ამ გადაცემამ მეორე სიცოცხლე შეიძინა. ნამდვილად გაამართლა, რასაც ცხადჰყოფს განვლილი სეზონი.

რაც შეეხება ახალ სეზონს – მაყურებელი უნდა ელოდოს ყველაფერ იმას, რაც მას აინტერესებს. შევეხებით ყველა თემას, რასაც დილის გადაცემა უნდა მოიცავდეს ან არ უნდა მოიცავდეს.

ახალ სეზონზე ვცდილობთ გავამრავალფეროვნოთ რუბრიკები. ჩვენ სამზარეულოში სხვადასხვა მზარეული ახალ-ახალ კერძებს მოამზადებს, გვაქვს ფსიქოლოგიის რუბრიკა,  რომელსაც ქოუჩი დაემატება და სამოტივაციო ხერხებზე დაგველაპარაკება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება, როგორც კარიერულად, ასევე პირადშიც.

დილის გადაცემაში მუშაობა ადვილი არ არის. რა არის მთავარი მოტივაცია?

პატარა ვიყავი, როდესაც ამ გადაცემაში მოვედი და დილის გადაცემა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მოტივაცია ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენთან ერთად იღვიძებს და გვიყურებს. გვაქვს ძალიან დიდი გამოხმაურება, სოციალურ ქსელშიც და ისედაც.

ნიკა ლომიძე:

დილას შემართებითა და კარგი ხასიათით ვხვდები. გვაქვს ბევრი სიახლე. მომწონს ის, რომ ჟურნალისტები ეთერში შემოვლენ რეპორტაჟების წარსადგენად.

კარგი ხასიათი არასდროს გტოვებს და ამას როგორ ახერხებ?

როცა იცი, ამდენმა ადამიანმა გაიღვიძა, ჩართო ტელევიზორი, გამიზნულად ჩართო თუ შემთხვევით, უნდა იცოდე, რომ შენს ხასიათს მოჰყვებიან. ეს რომ იცი, არ თამაშობ. ჩემს შემთხვევაში ასეა. ქუჩაში ადამიანები რომ გხვდებიან და გეფერებიან, ავტომატურად კარგ ხასიათზე ხარ.

და ეს არ იცვლება წლების განმავლობაში…

რაღა დროს ჩემი შეცვლაა?!.

აქცე მინდა ისიც ვთქვა, რომ ახალ სეზონზე დიდი ამბებით ვაგრძელებთ. იწყება ახალი გადაცემა, „დიდი ამბავი“, სადაც მაყურებელს დიდი გართობა და საინტერესო სტუმრები, ასევე სამი წამყვანი ელოდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტია და მაღალ თამასაზე გვაქვს სწორება. ასე რომ, მაყურებელს „რუსთავი 2“-ზე ახალი, ძალიან საინტერესო პროექტი ელოდება.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ნატატო ასანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g