საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ფეხბურთელს, ლუკა ლოჩოშვილს ავსტრიაში კლაგენფურტის გუბერნატორმა სიცოცხლის გადარჩენისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო – ღირსების ორდენი გადასცა.
მოგეხსენებათ, ქართველმა მცველმა 27 თებერვალს, კრისტოფერ ვერნიტცნიგთან ერთად, ვენის “აუსტრიას” ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი მოედანზე სიკვდილისგან იხსნა. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, “ვოლფსბერგერის” ფეხბურთელის მუხლი “აუსტრიას” ნახევარმცველ ტაიგლს თავში მოხვდა, რის შედეგად 31 წლის ავსტრიელმა გონება დაკარგა. ლოჩოშვილი პირველი გაერკვა სიტუაციის სიმძიმეში და მეტოქეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რამაც ტაიგლის სიცოცხლე გადაარჩინა.
ლუკა ლოჩოშვილის გმირულ საქციელს ავსტრიაში დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალურ ქსელში კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ძალიან ვაფასებ, რომ ფეხბურთი არის პატივისცემა და სამართლიანი თამაში. მნიშვნელოვანია, რომ „აუსტრიას“ მოთამაშე თავს კარგად გრძნობს და მისი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში – იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელთაც ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვთ. ამიტომ გადავწყვიტე მათი მხარდაჭერა, რომ შეჩერდეს ომი – ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია!“, – დაწერა ლოჩოშვილმა.