LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვიძლის გადანერგვის რამდენ ოპერაციას დააფინანსებს მერია

თბილისის მერის დაპირებით,  2018 წლის მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. ამ მიმართულებით, მომდევნო წელს 32 პროგრამა განხორციელდება, მათ შორის იქნება ორი ახალი – ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

თბილისის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გელა ჩივიაშვილის, განმარტებით, დედაქალაქის ბიუჯეტში დაავადებათა სკრინინგის პროგრამისთვის 1 500 000 ლარია გამოყოფილი, მათ შორის შევა ფარისებრი ჯირკვლის კინოს სკრინინგიც, ასევე, ცალკე აღებული ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის გამოყოფილია 1.5 მილიონი ლარი.

როგორც გელა ჩივიაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, ქალთა სიკვდილიანობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ მეორე ადგილი უკავია. შესაბამისად, როგორც ის განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოვლენა და შემდგომ შესაბამის მკურნალობაში ადამიანების ჩართვა. თუ რომელ სამიზნე ჯგუფებს, რა ფორმით და რა კრიტერიუმებით დაუფინანსდებათ ახალი პროგრამის მეშვეობით კვლევები, დეტალები ჩივიაშვილის თქმით, ამ დრომდე ზუსტდება. 

თამუნა 31 წლისაა, მას  ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე გასულ წელს დაუდგინდა. დასაწყის ეტაპზე მას სკრინინგი 200-300 ლარამდე  დაუჯდა. თამუნას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების დასადგენად, მან არჩევანი ძვირადღირებულ კვლევებზე შეაჩერა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა  მოქალაქეებისთვის შეღავათი იქნება და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუწყობს ხელს.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც მომავალი წლიდან თბილისის მერია დააფინანსებს, ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. ეს ოპერაცია მხოლოდ საქართველოში დაფინანსდება.

როგორც „ფორტუნას“ „ავერსის“ კლინიკების გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ, განუცხადა, ამ ტიპის ოპერაციას საქართველოში მხოლოდ „ავერსის“ კლინიკა და ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლინიკა ატარებს. მისი ღირებულება კი 65 ათასი დოლარის ექვივალენტს შეადგენს. მასში შედის როგორც დონორის, ასევე პაციენტის ოპერაციის ხარჯები.   

„ამ ოპერაციაზე მომართვიანობა და მოთხოვნა მაღალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მაღალია თავად ოპერაციის ღირებულება, მოქალაქეები ამას საკუთარი სახსრებით ხშირად ვერ წვდებიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ 9 ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩატარებული. დაველოდოთ პროგრამის საბოლოო ვარიანტს. როგორ მოხდება დაფინანსება. იქნება ეს თანადაფინანსების სისტემა თუ სრულად აანაზღაურებს მერია ხარჯებს,“ – აღნიშნა დიმიტრი ჯორბენაძემ.

„ფორტუნა“  – 65 ათასი დოლარი დღევანდელი ვალუტის კურსით 175 ათას ლარამდეა. 1.5 მილიონი ლარით კი  ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაახლოებით 8-9 ოპერაციის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

magti 5g