15–21 მაისს საქართველოში, პლატფორმის „მადამ სომელიე“ ორგანიზებით, ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელმაც თავი მოუყარა ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს – მეღვინეებს, მარკეტერებს, ღვინის ჟურნალისტებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფებს, იმპორტიორებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს. ფორუმის მიზანია, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის ბიზნესისა და კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო პროფესიული დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდეს.
ნინო ქინქლაძე, მარკეტერი, ღვინის ენთუზიასტი, პლატფორმის „მადამ სომელიე“ დამფუძნებელი:
– პლატფორმის „მადამ სომელიე“ შექმნის იდეა 10 წლის წინ დაიბადა, როდესაც გადავწყვიტე, უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ღვინის სამყაროში და სომელიეს სკოლაში ჩავაბარე. სწორედ იქ შემერქვა შემთხვევით მადამ სომელიე. ღვინის სამყაროში ჩემი 10 წლიანი მოგზაურობის შემდეგ (როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე), მივხვდი რა, რომ საქართველოში ღვინის სექტორში მოღვაწე ადამიანებს გვაკლია საერთაშორისო ბიზნეს მოდელების, თუ გლობალური ტრენდების ცოდნა, ხოლო უცხოელებმა არ იციან, რატომ ვართ აღიარებულები ღვინის სამშობლოდ, ამ დანაკლისების შესავსებად სპეციალური პლატფორმის არსებობის საჭიროება დავინახე. გარდა ამისა, რადგან მე თავად მაქვს ბიზნეს განათლება და მთელი ცხოვრება ბიზნეს სფეროში ვსაქმიანობ (ძირითადად მარკეტინგსა და გაყიდვებში), ბიზნეს კონფერენციის ჩატარების სურვილიც გამიჩნდა – ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი ღვინის სამშობლოში, საქართველოში ყოველ წელს შეკრებს ღვინის ბიზნესში მოღვაწე ადამიანებს, პროფესიონალებს. ეს ფორუმი საშუალებაა ქართველებისთვის, უფრო მეტი გაიგონ, რა ხდება მსოფლიოს მასშტაბით ბრენდინგში, კომუნიკაციებში, გაყიდვებში.

– რა რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად საქართველოშო ღვინის ბაზარზე?
– არა მხოლოდ საქართველოში, ღვინის და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესისთვის მთელ მსოფლიოში დიდი გამოწვევაა ციფრულ სამყაროში ოპერირება. ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნეს მოთამაშეებს უჭირთ ამ სფეროში სათანადოდ წარადგინონ საკუთარი ბრენდი, პროდუქტი თუ მომსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ ინტერესი დიდია, მნიშვნელოვანია კონტენტის სწორად შექმნა. რა უნდა გათვალო იმისთვის, რომ ბრენდის იდენტობა არ შეილახოს და თან უფრო მეტად მიიპყრო ყურადღება, რა ტექნიკები არსებობს ამისთვის, რა ტრენდებს უნდა აჰყვე და ა.შ. – სწორედ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ ჩვენი ბიზნეს კონფერენციის ფარგლებში.
– რა აღვივებს უცხოელში ინტერესს ქართული ღვინის მიმართ?
– საქართველო პარადოქსული ქვეყანაა, იმიტომ, რომ ვართ ყველაზე ძველი და ამავდროულად, ყველაზე თანამედროვე ღვინის მწარმოებლები მსოფლიოში. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციით საერთაშორისო სუფრებზე ქარვისფერი ღვინო დააბრუნა, ის ჩვენმა ქვეყანამ გახადა დღეს ასე ტრენდული.

– მსოფლიოს დავანახეთ, რომ ის, რაც მათ სიახლე ჰგქონიათ, სინამდვილეში ძველია?
– დიახ, კარგად დავიწყებული ძველია. ღვინის პროფესიონალებს განსაკუთრებულად ხიბლავთ ავთენტური მარნების მონახულება, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა, ადგილობრივების ყოფისთვის თვალის დევნება. ცნობილი პროფესიონალები, ჩვენი მოწვევით, საქართველოში ჩამოდიან იმისთვის, რომ უფრო კარგად გაერკვნენ, საიდან მოდის ის სფერო, რომელშიც დღეს თითოეული ჩვენგანი საქმიანობს.
– ეს თავის მხრივ ღვინის ტურზიმის განვითარებას უწყობს ხელს.
– დიახ, ღვინო, როგორც ჰედონისტური პროდუქტი, შეუძლებელია წარვადგინოთ გასტრონომიის და კულტურის, ცხოვრების სტილის გაცნობის გარეშე.

– რამდენად ენდობიან თქვენს პლატფორმას მეღვინეები, რამდენად მარტივად თანამშრომლობენ ისინი თქვენთან?
– სიმართლე გითხრათ, ჯერ იმდენად ინოვაციურია ეს ჩვენი პროდუქტი, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს. თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. ბიზნეს სამყაროში არსებობს ფრაზა „ლურჯ ოკეანეში შესვლა“ (Going in blue ocean), ანუ ბაზრის დაპყრობა არის ყველაზე რთული, თორემ როცა გზა უკვე გაკვალულია… მიუხედავად ამისა, საშუალო თუ დიდი კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ და ვისაც ინფორმაცია მივაწოდეთ, დიდი მხარდაჭერა გამოხატეს, რაც ძალიან მახარებს. ისინი, ვინც ამ გზას ჩვენთან ერთად გადიან, შემდეგ ხვდებიან, რა მნიშვნელობის ამბავია ეს. ამიტომ მჯერა, დრო მოვა, როცა ფართო მასებისთვისაც იქნება გასაგები, თუ რა იდეას ვაყალიბებთ დღეს ერთობლივად.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ წლევანდელ რამდენიმედღიან ფორუმს, ვინ იყვნენ მისი მონაწილეები და რა თემებზე შეაჩერეთ დამსწრეთა ყურადღება?
– წელს საქართველოში ჩამოვიდა 17 სტუმარი, მათ შორის ტოპ ბლოგერები, ინფლუენსერები, ტოპ ფოტოგრაფი ღვინის სამყაროში მეთ უილსონი, რომელიც ჯერ კიდევ აქ არის და 31 მაისამდე დარჩება, იმოგზაურებს საქართველოში, გადაიღებს ვენახებს, პორტრეტებს და უშუალოდ პროდუქტებს, რაც თავადაც ძალიან უხარია. სტუმრები გაეცნენ ქართული ღვინის კულტურას, ენო-გასტრონომიულ ტრადიციებსა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ისინი მიღებულ გამოცდილებას საკუთარი მედია და პროფესიული პლატფორმების საშუალებით საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ.
ფორუმის პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, საერთაშორისო სპიკერების მონაწილეობით გამართულ დისკუსიებსა და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაციას.

ფორუმზე განვიხილეთ ღვინის მარკეტინგის, ბრენდინგის, მედიის, ღვინის ტურიზმისა და ახალი ბაზრების მიმართულებები, ასევე ქართული მეღვინეობის კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა. ჩვენს სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, როგორებიც არიან ლევან უჯმაჯურიძე, ია ფიფია, დავით ჩიჩუა, სარა ებოტი, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა დიდ ბრიტანეთში და რომელმაც მოგვცა რჩევები, თუ რა უნდა გავაკეთოთ დღეს იმისთვის, რომ ქართული ღვინის მიმართ ინტერესი მსოფლიოში იზრდებოდეს და არ იკლებდეს, იმიტომ, რომ ეს მოსალოდნელია – როდესაც პიკზე ხარ, საჭიროა სხვა მოქმედებების დაწყება იმისთვის, რომ ზრდა, თუნდაც არა მაღალი, მაგრამ სტაბილურად გავაგრძელოთ გაყიდვების, ჩვენი ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე, ქვევრის ღვინის გემოს განვითარების კუთხით, რომელიც არც ისეთი ადვილი მისაღებია ყველა მომხმარებლისთვის.
მინდა განსაკუთრებულ მადლობა გადავუხადო ფორუმის სპონსორებს და პარტნიორებს, მათ გარეშე ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“, ჩვენს გენერალურ სპონსორს, ეტიკეტების და შესაფუთი მასალების მაღალტექნოლოგიურ საწარმოს „ედვაიზ ჯგუფს“, წისქვილი ჯგუფს, „ვინორიუმს“ და „არამექს ჯორჯიას“.