„რატომ ვართმევთ ჩვენს შვილებს იმ დროს, რომლის უკეთესად გამოყენების შემთხვევაშიც ისინი გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან ამ 21-ე საუკუნეში, უზარმაზარი შესაძლებლობების დროში და ძალიან დიდი კონკურენციის დროში“ – ამბობს ცნობილი პედაგოგი, გია მურღულია „ტელესკოლის“ გადაცემაში „წითელი სკამი“.
„სკოლაში იწყება გაკვეთილი ცხრაზე. რომელზე დგება მოსწავლე? რვაზე. როდის ამთავრებენ სკოლას? დაახლოებით სამ საათზე. ყველას აქვს ჰობი, ზოგს სიმღერა უყვარს, ზოგს ცეკვა, ზოგი სპორტით არის დაინტერესებული, ამას მიაქვს თავისი წასვლა-წამოსვლიანად ორი საათი. მერე მოდიხარ სახლში, თუ გინდა, რომ ცუდი ნიშანი არ მიიღო, რომ მოემზადო, ამას ჩემი გათვალებით, მინიმუმ 2 საათი სჭირდება, ყველაზე ცოტა, თორემ ისე, სამიც. ხუთს რომ მიუმატებ ამ სამ საათს, გახდება რვა საათი. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, როდის უნდა ჭამო, მერე შეიძლება, ტელევიზორს უყურო, მალე მოდის დაძინების დრო.
ახლა კითხვა მაქვს უფროსებთან, ჩვენ რომ ვითხოვთ, რომ განათლებული თაობა უნდა გვყავდეს: ამ ბავშვებმა წიგნების წაკითხვა როდის უნდა მოასწრონ, ან როდის უნდა გაისეირნონ პარკში, როდის უნდა მივიდნენ მეგობართან და რაც მთავარია, როდის აქვთ მათ ღვთაებრივი სიზარმაცის დრო, როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან და ფიქრობ, როგორი გინდა იყო და როგორ უნდა იმოქმედო, რომ იყო ისეთი, როგორიც გინდა იყო. ამის გარეშე პიროვნების განვითარება არ ხდება…“