ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც სკოლაში ლიტერატურის სწავლებას და მთავარ მომენტს უკავშირდება, რაც მასწავლებლებმაც უნდა გაითვალისწინონ და მთლიანად – სისტემამ.
გთავაზობთ მის ნააზრევს სრულად:
“ლიტერატურის სწავლება სკოლაში უნდა გულისხმობდეს კარგი მკითხველის აღზრდას და არა პატარა ლიტერატურისმცოდნის უიღბლო და უშედეგო “გამოყვანას”.
რატომ უნდა ვისახავდეთ მიზნად ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში საუნივერსიტეტო განათლების ელემენტების ჩამოტანას – ვის სჭირდება ასეთი სიურეალისტური ამოცანების გადაწყვეტა, მითუმეტეს, რომ ვერასდროს წყდება?
ბავშვი სკოლაში ლიტერატურის გაკვეთილებზე უნდა მიდიოდეს ინტელექტუალური და ესთეტიკური სიამოვნების აღსაქმელად და მისაღებად და არა დაუსრულებელი განმარტებებისა და სქემების დასაზუთხად – მხატვრულ ტექსტებს არ სჭირდებათ არც პროკრუსტეს სარეცელი და არც “საბოლოო ჭეშმარიტებანი”.
ლიტერატურის გაკვეთილი ფიქრისა და განცდის თავისუფლების გაკვეთილია – როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლისთვისაც და არა უმართებულოდ სტანდარტიზებული იდეების უაპელაციო კულტივირება და ჩანერგვა პედაგოგისა თუ ბავშვის ცნობიერებაში.
სახელმძღვანელოებში არ უნდა იყოს ამოსახევი ფურცლები, როგორც კარგად არის ნაჩვენები შესანიშნავ ფილმში “მკვდარი პოეტების საზოგადოება”. სასწავლო წიგნების შეფასების დღეს დამკვიდრებული “სისტემის” პირობებში კი შესაძლოა ისეთი სასწავლო წიგნები შეიქმნას, რომლებშიც ბევრი ფურცელი ამოსახევი იქნება.
ცხადია, ვამჩნევ ცალკეული მასწავლებლების კარგ მცდელობებსა და შედეგებს, თუმცა ბრმა უნდა იყო, რომ ვერ ხედავდე, რა სავალალო შედეგთან მიგვიყვანა ქართულ სკოლაში ჰუმანიტარული განათლების სფეროში უსაფუძვლო “პრინციპების” დამკვიდრების დაუსრულებელმა და უდღეურმა “ექსპერიმენტებმა”.
დავაცადოთ ბავშვებს, რომ შეიყვარონ და არა შეიძულონ კარგი ლიტერატურა – ის ამას იმსახურებს”.
