„დიდი და შეუდარებელი სიხარული გვიახლოვდება,“ – ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს და აღდგომის დღესასწაულს ეხმაურება.
როგორც მურღულია აღნიშნავს, ჯვარცმის შემდეგ და აღდგომის წინ ქრისტიანებში, ორი გრძნობა თუ განწყობა ეზავება ერთმანეთს.
„დღეს, ჯვარცმის შემდეგ და აღდგომის წინ, ჩვენში, ქრისტიანებში, ორი გრძნობა თუ განწყობა ეზავება ერთმანეთს: თავზარდამცემი ტკივილი და მაცოცხლებელი მოლოდინი – რაღაც აღსრულდა და რაღაც იწყება.
ორივე ღირსებითა და სიყვარულით უნდა მივიღოთ, რადგან სწორედ ასე მოიტანა ჩვენამდე მაცხოვარმა.
ამაღამ ანგელოზები მხსნელს ოსანას უგალობებენ და ეს მარადიული გალობა იქნება, რომელსაც არავითარი ეჭვი და განდგომა არ მოსდევს – როგორც ეს 20 საუკუნის წინ მოხდა.
დიდი და შეუდარებელი სიხარული გვიახლოვდება.
და ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც ერთმანეთს ერთი წლის მონატრებულ სიტყვებს ვეტყვით:
– ქრისტე აღსდგა!“ – წერს გია მურღულია.