გია მურღულია „ტელესკოლის“ გადაცემაში „წითელი სკამი“ პასუხობს მოსწავლის კითხვაზე, არგებენ თუ არა სკოლაში ბავშვებს ვარდისფერ სათვალეებს და არის თუ არა ცოდნა შემოსავლების პირდაპირ პროპორციული საქართველოში:
„რაც შეეხება ვარდისფერ სათვალეებს, ჩემს კოლეგებს ვეკითხებოდი ამას წინათ – როგორ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს? როგორი ქვეყანაც გვინდა რომ იყოს, როგორი წუთისოფელიც გვინდა იყოს, ის დავანახვოთ, თუ როგორიც არის რეალურად, ის? მგონი, ალტერნატივა არ აქვს მეორე გზას – დაანახვე მეორე, ოღონდ არ დაავიწყო პირველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ ბავშვს ისე გაზრდი, რომ მხოლოდ სიკეთეს ხედავს და ვერ ხედავს, რა საშიშროება შეიძლება ელოდოს სიკეთეს, მაშინ ის შეიძლება, ცხოვრებამ დაჩაგროს. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვები ცხოვრებამ დაჩაგროს? არა, ჩვენ კონკურენტუნარიანი ბავშვები გჭირდება. მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, ჩემზე გაცილებით განათლებულს, რომლებსაც როგორც ამბობენ, ცხოვრება არ და ვერ აეწყოთ და ისინი, რბილად რომ ვთქვათ, მთლად ბედნიერნი არ არიან.
წარმატებისთვის სამი რამ არის აუცილებელი: ეს არის განათლება, ოღონდ საკმარისი არ არის, მეორე ეს არის უნარები: ნებისყოფა, შეუპოვრობა, ალგორითმის გააზრების მექანიზმი, სიჯიუტეც კი, ხანდახან, რომ თუ მარცხი შემოგხვდა გზაზე, ყურები არ ჩამოყარო და კიდევ ერთხელ სცადო, გამარჯვებული არის ის, ვინც დამარცხდა და კიდევ ერთხელ სცადა. ეს ის უნარებია, რომელთა ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე უნდა იზრუნოს როგორც ოჯახმა, ისე სკოლამ.
კარგი მასწავლებელი სამ მთავარ რამეს აკეთებს: გასწავლის საგანს; ჩამოაყალიბებს შენში უნარებს, რომლებიც წეღან დავასახელე და მესამე, დაგელაპარაკება მთავარ ღირებულებებზე, რომ შენ ყოველთვის, სადაც უნდა მოხვდე, დადგე სიკეთის მხარეს…“