„გია თვალავაძეს ედავებიან, თითქოსდა როდესაც ცხელ ხაზზე ზარები შედიოდა, ის არ ამოწმებდა აფთიაქებს,“ – ამის შესახებ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა.
უფლებადამცველი თვალავაძის მოსანახულებლად მოდულის შენობაში შევიდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, ანუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასჯელი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დანაშაულს არ აღიარებს გია თვალავაძე. ბრალში ასეთი რამ არის მითითებული, რომ როდესაც შემოდიოდა თურმე ცხელ ხაზზე ზარები, თვალავაძე არ ამოწმებდა. ბრალში მითითებულია, რომ თითქოსდა არის აუდიოჩანაწერებიც. დაახლოებით 150 ჩანაწერი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაწერებიდან ერთიც კი არ გამოდგება,“ – განაცხადა ლალი აფციაურმა.
რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდება სასამართლოს დღეს მიმართავს
შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე გუშინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.