ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას.
ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
როგორც მან აღნიშნა, სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, ვინ მოხვდება ოლიგარქთა რეესტრში.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ნაცმოძრაობა“ და მისი რუპორები ცდილობენ ამ თემის შემოტანას, საკითხის გვარებზე გადატანას. თუმცა, ჩვენ მოგვისმენია თვითაღიარება კეზერაშვილის, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის. რაც შეეხება ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მთავარი პრინციპი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 21 მარტს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე – მუხლობრივი განხილვის მოსმენაზე დააბრუნა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.
