ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სისტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.
„სურვილი ომისა ერთია, შედეგი მეორეა და მესამეა კიდევ სტრატეგიული გეგმა, რომლითაც უნდა ავიცილოთ სიტუაციის უფრო მძიმე განვითარება. ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სისტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე. როდესაც მთელი მსოფლიო, ვგულისხმობ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს გვერდზე დგანან, კონკრეტულად გეუბნებიან, მათ შორის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს კრახი, რა საკვირველია ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, თუ კი რაიმე კონსპირაცია ამაში არ დევს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.