„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება უნდა დაემხოს, ოღონდ მშვიდობიანად, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება.
გია ვოლსკის სიტყვებით, „ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს – ის ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა, გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი“.
„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს. დღეს ევროსტრუქტურებს ჰკარნახობენ, რომ ეს გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის ბერკეტად საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ თანხმდება საომარ პროცესებში ჩართვას და ქვეყნის ნგრევაზე არ აწერს ხელს. ხაბეიშვილს აქვს იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლისღვრით და უკრაინიზაციის პროცესის განვითარებით, ხაბეიშვილს მოიყვანს ქვეყნის სათავეში. მთელი ისტორია ამაში მდგომარეობს. ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები იმისათვის, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში მარტო არ არის.
ეს გეგმა ყველას აქვს, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს ხაბეიშვილის გარდა. ხაბეიშვილიც იმიტომ ლაპარაკობს, რომ ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ასეთი ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი“, – თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება „რუსულ სპეცოპერაციას“ ატარებს და ვინც ამ ბრძოლაში არ შედის, მათ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.