პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადება დამაზიანებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე პრეზიდენტის იმიჯისთვის.
როგორც გია ვოლკსიმ აღნიშნა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურმე მთელი ქვეყანა მას ელოდება რას გააკეთებს.
„საოცარი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა, რაზეც რეალურად კომენტარი არ მაქვს, ფაქტიურად გამოდის, რომ მსოფლიო თუ არა, მთელი სახელმწიფო მას ელოდება რას იტყვის, რას გააკეთებს, რომ ამის მიხედვით კანდიდატები შეირჩეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს ყურადღების მისაქცევად აკეთებს და „რაც მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს“, მეტი ყურადღება ექნება.
კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს დაასახელებს.