ნაკლებად მოსალოდნელია ლარის დევალვაციის გამო, კომპანიებმა თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდონ, – ამის შესახებ ”ფორტუნას” არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, კრიზისის გამო, კომპანიებსა და ბიზნესებს შემოსავალი შეუმცირდათ, შესაბამისად, მსგავსი ტენედენცია მოსალოდნელი არ არის. თუმცა, გიორგი კეპულაძე არ გამორიცხავს, ასეთი გადაწყვეტილება კომპანიება შტატების შემცირების ხარჯზე მიიღონ, რადგან ლარის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია.
”ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. კომპანიის გადასაწყვეტია, აქვს თუ არა შესაძლებლობა თანამშრომლებს მოუმატოს ანაზღაურება. რა თქმა უნდა, ხელფასის მატება დადებითი პროცესია, მაგრამ ეს რომ მასობრივად დაიწყოს სახელმწიფო უწყებებში და კერძო სექტორში, ეს დამატებითი ზეწოლაც შეიძლება იყოს ლარზე და ფულის მასა გაიზარდოს. თუმცა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მით უმეტეს, ისეთ ორგანიზაციებში, სადაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ”, – განუცხადა ”ფორტუნას” გიორგი კეპულაძემ.
ბიზნესკომპანიების ნაწილმა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „ბიზნესკურიერში“ დასაქმების სააგენტო hr.ge-ს დირექტორმა ნოდარ შურღაიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელფასის მატების შეთხვევები იმ კომპანიებში ფიქსირდება, რომლებიც მეტ-ნაკლებად ვალუტის გაუფასურებით სარგებლობენ. შურღაია ასეთ სფეროებად ადგილობრივ წარმოებას მიიჩნევს და იმ კომპანიებს, რომლებსაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. hr.ge-ში კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბიზნესკომპანიების ნაწილმა სახელფასო პოლიტიკას უკვე გადახედა და ხელფასები გაზარდა.